ავტორი ბიძინა დვალი
(ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ქართველ მოსამართლეზე უპრეცენდენტო ზეწოლის ფაქტი თითქოს გავატარეთ, რაღაცნაირად, ყურადღების მიღმა დაგვრჩა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ინციდენტი თავისთავად მრავლისმთქმელია, წარმოადგენს ერთ რგოლს იმ ჯაჭვისა, რომლითაც მავანნი და მავანნი ცდილობენ ქართულ სახელმწიფოს არ მისცენ განვითარების საშუალება).
ამ ბოლო დროს „მეჩვენება“, რომ დოქსოპულოს რა დამოკიდებულებაც ჰქონდა „გრუზავიკზე“ შეყრილ, მიმოწერის გარეშე მოუსავლეთში გასაგზავნ დარბაისელების მიმართ, ისეთივე დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს საქართველოსა და მთელი ქართველი ხალხის მიმართ. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მსგავსი გამეტებული დამოკიდებულების მიზეზიც, ამ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ორ ადამიანს, ერთი აქვთ - დოქსოპულომ დავალება ვერ შეასრულა და გაბრაზებული ჯავრს დარბაისელებზე იყრის; ქალბატონმა დეგნანმაც დავალებები ვერ შეასრულა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, ჯავრს ქართველ ერზე იყრის.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი დეგნანის „მოღვაწეობა’“ არაერთხელ გამხდარა ჩემი ანალიტიკური წერილების განხილვის საგანი. ამა წლის 7 იანვრის პუბლიკაციაში, უხვად მოვიყვანე ფაქტები და არგუმენტები ქართულ სინამდვილეში ერთგვარი დეჟავუს, ახალი ე.წ. „უფროსი ძმის“ სინდრომის ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელი გამოვლინებების შესახებ.
ყოველთვის შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ ამა თუ იმ ელჩის პოზიციის განმსაზღვრელი მისი ხასიათი, ან მისი პირადი ინტერესები შეიძლებოდა ყოფილიყო. დღესაც მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ ყოველი მათგანი თავისი ქვეყნის შესაბამის სამსახურებში შემუშავებული დავალებების საფუძველზე მოქმედებს.
მოგეხსენებათ, ყველა წესს აქვს თავისი გამონაკლისები. წინამდებარე წერილის გმირის ზემდგომთა განკარგულებებზე აგებულ საქმიანობაშიც არის მომენტები, როცა პირადი სისუსტეები გამოდის ხოლმე წინა პლანზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე „წვრილმანებს“ ეხება. ერთი ასეთია ქალბატონი დეგნანის მიერ გვარამიას მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მოსკოვის კრემლი მსგავს გადაცდომებს, „შჩეპკი ლეტიატო“, ასე მიაფუჩეჩებდა ხოლმე. აქაც, სამწუხაროდ, დაახლოებით იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
(სწორედ ეს არის სამარცხვინო, ქალბატონო სალომე („მულო“ და „რძალო“, ორივეს ერთად გეუბნებით), ქვეყნის ინტერესის დამაზიანებელ სიტყვებს რომ წამოისვრით ხოლმე უადგილოდ და უპრაკონოდ, ის არის სამარცხვინო და კიდევ, გამარგველაშვილება და გალომჯარიება და სხვის დაკრულზე ცეკვაა(!) სამარცხვინო, დაუნახაობაზე და უმადურობაზე აღარაფერს ვამბობ.)
არის თემები, რასთან დაკავშირებითაც „პატარა“ სახელმწიფოების ხელისუფლებებმა ღია საუბრებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ამგვარი აქტივობები მათ ქვეყნებს, შესაძლოა, მძიმე შედეგების სახით შემოუბრუნდეს. ასეთ დროს, ასეთ სიტუაციებში ძლიერდება ხოლმე სამოქალაქო საზოგადოებების როლი. კარგია, როცა რობერტ სტურუა, დათო მაღრაძე, გოგა ხაინდრავა, გია გაჩეჩილაძე, ნანა კაკაბაძე, მამუკა არეშიძე, ზაზა შათირიშვილი და მრავალი სხვა პოულობენ შესაბამის ფორმებს ფაქტებისა და მოვლენებისთვის ნამდვილი სახელების დასარქმევად.
აშშ-ის ორი უკანასკნელი ელჩის საქმიანობისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში თავს ასე შევუძახებდი: „კარგად მესმის, რომ (თუნდაც ჩვენ მიერ შერჩეულ) უფროს ძმასთან თანასწორი დიალოგი, სულ მცირე, გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, როცა ცამდე მართალი ხარ და როცა „გარემოებათა ერთობლიობით“ რწმუნდები, რომ ეს უფროსი ძმა არა შენი ქვეყნის ძმა, არამედ შენი ქვეყნის გამყიდველისა და დამანგრეველის „პაძელნიკი“ ყოფილა, ცოტა უნდა გარისკო და შენი, თუნდაც ჯერ მხოლოდ დე-იურე, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ცოტა უნდა წაიკამათო კიდევაც“.
რაც დრო გადის, საქმე უფრო რთულდება, ამიტომ სიმართლის პირში მთქმელები იძულებული ვხდებით „წაკამათება“ უფრო მაღალ რეგისტრში ავწიოთ.
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ ე.წ. „ახალი გადანაწილების“ პროცესში უკრაინას და საქართველოს „საზარბაზნე ხორცის“ როლი ჰქონდათ განსაზღვრული. წინამდებარე წერილი ადრე გამოთქმული მოსაზრებების ციტირებებით რომ არ გადავტვირთო, მკითხველს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამავე გამოცემის გვერდებზე გამოქვეყნებულ წერილებს: „ორი კელი და ვაშინგტონის კრემლის ვნებანი“ და „საზარბაზნე ხორცი“. აგრეთვე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გასული წლის 28 ოქტომბრის წერილში - „ბიძინას ბიძინასგან“ - გამოთქმული შეფასებების გახსენებაც.
როდესაც კელი დეგნანის ბიოგრაფიას გავეცანი, გულმა მაშინვე რეჩხი მიყო. აშკარა იყო, მისი წარსული საქმიანობებიდან გამომდინარე, ქალბატონი დეგნანის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის მომზადებაში დახმარება არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ავი წინათგრძნობა ახდა.
ვიმეორებ, როცა ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების ან რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებით, უნდა გვესმოდეს, რომ გეგმებისა და დამოკიდებულებების განმსაზღვრელი ამ ორი ზესახელმწიფოს კერძო ინტერესია, ურთიერთდაპირისპირებიდან მეტის მიღების ინტერესი და თუ გონიერება გვიღალატებს, ორ მოჩხუბარ აქლემს შორის მოყოლილი კოზაკის ბედის გაზიარება არ აგვცდება.
ანტიდასავლურობაში დადანაშაულება რომ ავიცილო თავიდან, კიდევ ერთხელ, დედის დაფიცებით და გულზე მჯიღის შემოკვრით ვიტყვი, რომ რუსეთი დღესაც ისეთივე სასტიკ და ვერაფრის მსწავლელ ბოროტების იმპერიად რჩება, როგორიც იყო საუკუნეების განმავლობაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, ამ მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფოსთვის ჩვენთან ურთიერთობაში საქართველოს განვითარება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა რომ იყოს პრიორიტეტული, ან თუნდაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული პროექტისთვის არ გაგვიმეტებდა, ხოლო პროექტის ჩავარდნის შემდეგ, მას არ მისცემდა განგრძობით სახეს. მხოლოდ ამ ერთი ფაქტის გახსენებაც საკმარისია იმ დასკვნისთვის, რომ დიდი და პატარა ქვეყნების ურთიერთობაში „მეგობრობა“ და „პარტნიორობა“ შინაარსისგან დაცლილი სიტყვებია. ათასწლეულების გამოცდილებამ ისიც გვასწავლა, რომ ეს არის მხოლოდ „დიდისთვის“ სასარგებლო სიტყვები, რადგან მათი გადმოსახედიდან, „პატარის“ ფუნქცია მორჩილება და დავალებების შესრულებაა.
ჩვენთვის ვაშინგტონიც, საბჭოთა რუსეთის მსგავსად, „ზემდგომი ინსტანცია“ რომაა, ამაში კრიზისულ სიტუაციებში, მაგალითად, ომების დროს, უფრო ვრწმუნდებით ხოლმე. კელი დეგნანის ჩამოსვლის პერიოდში ჯერ კიდევ არ ვიცოდით, ამერიკელ „მეგობრებს“ ასე დაჟინებით რად სურდათ ნაცების ხელისუფლებაში მობრუნება, რაში უნდა გამოეყენებინათ ამ ანტისახელმწიფო წარმონაქმნის უსიტყვო მორჩილება და მხოლოდ მას შემდეგ ჩავწვდით სიღრმეებს, რაც უკრაინაში ომის სუნი დატრიალდა.
დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყირიმის ანექსია, დონბასში განვითარებული მოვლენები და ცნობილი მინსკის ხელშეკრულება გარდაუვალი ომის წინაპირობა იყო. თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ, დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილმა, ღარიბაშვილმა, კობახიძემ, წულუკიანმა და ხელისუფლების სხვა წამყვანმა პირებმა, ჩვენგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად უწყოდნენ და მადლობა მათ ამისთვის.
იმის საილუსტრაციოდ, ხატოვნად რომ ვთქვათ, რა უბედურებებს გადავურჩით, შემოგთავაზებთ იმ დავალებების მშრალ ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც კელი დეგნანმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. მანამდე, კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და იმ ინსტრუმენტების ნუსხას, რაც გეგმების წარმატებით განხორციელებას უნდა დადებოდა საფუძვლად:
ა) სააკაშვილის, ადეიშვილისა და დამნაშავე ნაცრეჟიმის სხვა წარმომადგენლების უკრაინაში „დასაწყობება“, შესაბამისი მომენტის დადგომამდე. ეს ჩეხოვისეული, პირველ მოქმედებაში კედელზე დაკიდებული თოფია, რომელმაც დასკვნით მოქმედებაში აუცილებლად უნდა გაისროლოს; ბ) ამ კრიმინალებისა და ქვეყნის გამყიდველებისთვის ფასის დადებისა და იმავდროულად უმძიმესი ნაცწარსულის გადაფარვის მიზნით, მათი უკრაინის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა და მსგავსი პრინციპით („ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა“) შერჩეულ უკრაინელ „პოლიტიკოსთა“ გარკვეულ ჯგუფთან ერთიანი გუნდის შეკვრა; გ) ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მძარცველის, კეზერაშვილისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა (საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე რომ არაფერი ვთქვათ, ორი მასშტაბური საერთაშორისო დანაშაულის, იარაღით ვაჭრობისა და ქოლცენტრების საქმეების, გაურკვეველი ვადით მიძინება) და საქართველოსთვის მოპარული ფულის ბრუნვისთვის პირობების უზრუნველყოფა; დ) ნაძარცვი მილიარდების ბრუნვიდან მიღებული მოგებებიდან ნაც-პოლიტ-ტელევიზიებისთვის მსხვილი ტრანშების უწყვეტობის უზრუნველყოფა; ე) ე.წ. არასამთავრობოებისა და ე.წ. ექსპერტების პრონაცური, ანუ ანტისახელისუფლო საქმიანობის მრავალმილიონიანი გრანტებით უზრუნველყოფა; ვ) NDI-ისა და IRI-ის, ამერიკული ე.წ. „დემოკრატიის ხელშემწყობი“ ინსტიტუტების კვლავაც პრონაცურ რელსებზე დატოვება; ზ) ე.წ. სახალხო დამცველის ინსტიტუტის სრული მონოპოლიზება და ნაცპარტიის განუყოფელ დამატებად, პარტუჯრედად ქცევა,.. და კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი წვრილმანი.
ამ ანტისახელისუფლო პლატფორმის სტრუქტურის წარმოდგენის შემდეგ, რომლის ძირითადი მამოძრავებლებიც საქართველოდან მოპარული ფული, ამერიკელი გადამხდელების ფული და ამერიკული ოფიციალური სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტებია, შეგვიძლია ვისაუბროთ ბოლო „ხუთწლედის“ იმ ამოცანებსა და გეგმებზე, რომლის მნიშვნელოვანი (ძირითადი) ნაწილის განხორციელებაც, ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ვერ მოხერხდა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გეგმის მთავარი და საბოლოო მიზანი საქართველოს რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩართვა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გათვლები და მოლოდინები უფრო დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლური წინააღმდეგობის მოძრაობის აშკარა ლიდერი რომ ამერიკის შეერთებული შტატებია, დავას არ უნდა იწვევდეს. აქედან გამომდინარე, უდავოა ის ფაქტიც, რომ ომის სტრატეგიისა და ტაქტიკის მთავარი ავტორიც და წარმმართველიც ეს განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე, მთელი დასავლური სამყაროს გამოკვეთილი წინამძღოლი ზესახელმწიფოა. ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, რომელიც დიდი გეგმის წარმატებას უნდა უზრუნველყოფდეს, სწორედ რომ მის „ლაბორატორიებშია“ მრავალგზის აწონილი და გაზომილი.
როდესაც საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტთან დაკავშირებით აქცენტებს ნაცმავნებლებისა და მათი უკრაინელი „თანამოაზრეებისკენ“, დიდ დაპირისპირებაში მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლებელი აქტორებისკენ მიმართავს, ქვეტექსტში ყოველთვის სცენარის ავტორები და რეჟისორები უნდა ვიგულისხმოთ ხოლმე. ასეთია „პატარას“ სიფრთხილის ზღვარი.
ამ ფაქტებსა და არგუმენტებზე (და არა აღქმებზე) დაფუძნებული ზოგადი ანალიზის შემდეგ, დავუბრუნდეთ დიდი გეგმის საქართველოს ნაწილის ძირითად შემადგენლებს, რომელთაგან თავის დაცვასაც, ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით (ამას ხაზგასმით და დიდი სიამაყით ვამბობ), ჯერჯერობით ვახერხებთ:
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოდერატორობით გამართულ „პოლიტიკურ ხოფას ბაზრობაზე“ შემოთავაზებული ხელშეკრულება შეიცავდა მხოლოდ ცალმხრივ კომპრომისებს ხელისუფლების მხრიდან, რომლის საკვანძო პუნქტიც გახლდათ ე.წ. 43%-იანი დათქმა. გამაოგნებელია, საქართველოში თვითმიზნური კარდინალური ცვლილებების განხორციელების საპირწონედ დაიდო მთელი ევროკავშირის ავტორიტეტი დემოკრატიის პრინციპების ერთგულებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიბმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, გაუგონარი, დღემდე არნახული „ნოუ ჰაუა“. ყველა დროის დემოკრატიის მამები, ალბათ, საფლავებში ბრუნავდნენ;
არ იყო ძნელი იმის მიხვედრა, რომ კელი დეგნანის დონის ოფიცრისთვის ყველა კომპონენტში გაცამტვერებული პროექტი არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა დანებებისა და ბედთან შეგუების საფუძველი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოქმედებაში მოვიდა ახალი გეგმა, რაც პირდაპირი ზეწოლით იძულებას და ამ გზით დიდი ხნის წინ დაგეგმილ „მეორე ფრონტამდე“ მისვლას განაპირობებდა. საბედნიეროდ, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან მაგრად დავდექით და მაგრად იმიტომ დავდექით, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს იყო.
საქართველოს ბედით თამაშის მსურველებს, დღეის მდგომარეობით, არსენალში დარჩათ ერთადერთი „ყუმბარა“, პრობლემების შექმნა ევროკავშირში განაცხადის გზაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში სათქმელი სრულად მოგახსენეთ, ამიტომ ვრცლად აღარ შევეხები და მხოლოდ ანალიზის შემაჯამებელ დასკვნას შემოგთავაზებთ: „ეს გახლავთ რაიმე, თუნდაც თითიდან გამოწოვილი, თუნდაც სულაც მოგონილი მიზეზით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა“, რასაც უნდა მოჰყვეს დღემდე არნახული მასშტაბის უკმაყოფილების ტალღის აგორება ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლით და მერე... მერე, მიდი-მოვდივარ... სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნებით“... ერთი სიტყვით ამას კატასტროფა ჰქვია.“
და კიდევ - „ევროპულ გზაზე უკრაინაზე და მოლდოვაზე გაცილებით წინ მყოფ საქართველოს განაცხადს თუ რაიმე დაბრკოლება შეხვდა, ეს იქნება „ვაშინგტონის კრემლის“ „დამსახურება“, როგორც დიდი გეგმის ნაწილი“.
ჩვენ ჩვენი ფასი ვიცით და შედარებითი ანალიზების კეთებაც არ გვეშლება. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც საკმაოდ ინფორმირებული ვართ. ევროპულ განაცხადთან დაკავშირებულმა პროცესმა უკვე ის სახე მიიღო, რომ ობიექტური თვალთახედვით, გამოცდის წინაშე არა საქართველო, არამედ ევროკავშირის ავტორიტეტი დგას - რამდენად უღირთ დიდი ევროპული ოჯახის წარმომადგენლებს რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი ქალებისა და ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე გარდატეხის ილუზორული პერსპექტივის სანაცვლოდ თავისი ათწლეულობით ნაშენი იმიჯისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება?
მეგობრებო, ჩემო კარგო ხალხო, მოდით, ვიყოთ გულახდილები - როცა სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრიობაზე ვსაუბრობთ, ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მაინც და მაინც დღეს, ევროკანდიდატობა იქნება თუ არ იქნება, ეს არ არის მთავარი. ევროკავშირსაც, NATO-საც და თვით მშვიდობასაც კი ჩალის ფასი ექნება, თუ „სხვისი ნებით ყოფნისგან“ არ (ვერ) განვთავისუფლდებით.
ან ამ გზით უნდა ვიაროთ, ან, როგორც დიდი მამულიშვილი იტყოდა -
„სჯობს არ ვიყოთ!“
ბიძინა დვალი
06.06.2022 წ.
P.S. ბრავო(!) ხუთ ქართველ მოსამართლეს იმ დიდი სოლიდარობისთვის, რაც არა მხოლოდ კოლეგის თანადგომის, არამედ, უწინარეს ყოვლისა, პროფესიული ღირსების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის, გავლენებისგან დაცვის აქტს წარმოადგენდა.
P.P.S. სათაურში ცნობილი ამერიკული რომანიდან და პოპულარული ამერიკული სერიალიდან ნასესხები სიტყვები, ვფიქრობ, სრულად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც ქალბატონი კელი დეგნანი აღმოჩნდა. „პატარა“ (არა პირდაპირი მნიშვნელობით) და „სასოწარკვეთილი“ ის ეპითეტებია, რაც ამ უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი ქალბატონის რეაქციების არაორაზროვან დამაკნინებელ დახასიათებას წარმოადგენს.