logo_geo
eng_logo
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას ატარებს
- +

6 ივნისი. 2022. 19:42

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -„აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატურ მოკვლევას ატარებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევის ჯგუფის წევრებმა კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა მოკვლევის ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გააცნეს, ასევე, ისაუბრეს პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

„შეხვედრის მიზანია, მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან ვისაუბროთ არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, თუ როგორ შეიძლება პროგრამების გაუმჯობესება და რა უნდა გაკეთდეს მათი ეფექტიანობის გასაზრდელად. სწორედ ამიტომ ვუსმენთ კერძო სექტორს, რათა შემდგომ, ამის შესაბამისად გავცეთ რეკომენდაციები, როგორც „აწარმოე საქართველოსთვის“ ასევე სხვა მონაწილე მხარეებისთვის, რაც სავალდებულოდ შესასრულებელია“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე.

პროგრამის ბენეფიციართა მოსმენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმაც.

„პოლიტიკის პროგრამის დაგეგმარების პროცესში შესაძლოა კარგი მიზნები და ამოცანები გვქონდეს, მაგრამ რეალობაში აღმოჩნდეს ბარიერები, ან სხვა მოთხოვნები, რაც კერძოდ ბიზნესს გააჩნია. თემატური მოკვლევის მიზანი სწორედ ესაა - გამოავლინოს გამოწვევები, რომელიც ხელს უშლის მეწარმეობის, ბიზნესის განვითარებას. უშუალოდ ბენეფიციარებისგან მივიღოთ ინფორმაცია, რა მიმართულებით იქნება საჭირო დახმარება, რათა მომავალში უკეთესი შედეგების მისაღებად თანხების განკარგვა მაქსიმალურად უფრო ეფექტიანად მოხდეს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა საჯარო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დამფინანსებელი სხვა უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. “მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით“ – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატური მოკვლევა 1 წლის წინ დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე, კერძო და საჯარო სექტორს მოვუსმინეთ. მოგეხსენებათ, საკომიტეტო თემატური მოკვლევა, ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი საკითხის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მოკვლევის პროცესში, რაც ხარისხობრივად ზრდის მოკვლევის ეფექტურობას.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს შესაძლებლობა მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთოს და ამასთან განხორციელებული პროექტები, ზუსტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ სექტორში არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. თემატური მოკვლევა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID/GGI) მხარდაჭერით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner