თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთის პოლიცია სტამბოლში 44 კომპანიის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. გაცემულია ამ კომპანიების ხელმძღვანელობის 120 წევრის დაკავების ორდერები.
აღნიშნული ჩხრეკა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.
თურქული მედიის ინფორმაციით, ამ კომპანიებს თურქი ოპოზიციონერის ფეთჰულა გიულენის მოძრაობის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ჯერჯერობით უცნობია იმ კომპანიების დასახელებები, რომელთა დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.
სახელმწიფო გადატრიალებს მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 35 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან 17 ათასს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 80 ათასზე მეტი ადამიანი კი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, პედაგოგები, დეკანები, ჟურნალისტები, სამსახურიდან დაითხოვეს. დაიხურა ორი ათასზე მეტი ორგანიზაცია.