logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ
- +

7 ივნისი. 2022. 12:48

 

 

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ. შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ.

 

ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

ირაკლი შოთაძის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით.

 

„მეც გავიარე ეს გზა, რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ და ძალიან კარგად მახსოვს დღე, როდესაც სტაჟიორად დავინიშნე. შემიძლია პირადი გამოცდილებით გითხრათ, რომ წინ გაცილებით რთული, მაგრამ საინტერესო დღეები გელოდებათ და წარმატება თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 

შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.  

 

ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს და სტაჟირების კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს პროკურატურამ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი 2021 წლის 6 სექტემბრიდან გამოაცხადა, სადაც განაცხადი სულ 984-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 38 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.  

 

დღეისათვის, საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების 63% სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ.

 

სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner