„როცა ქალები ათწლეულებია უთანასწორო გარემოში მუშაობდნენ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მათ მათზე მორგებული პოლიტიკა შევთავაზოთ“, - განაცხადა „ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, ქალები ქვეყნის დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია.
„ჩვენ წლებია, გვაქვს არარეალიზებული შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს - ქალებს გააჩნია და წლებია, ვმუშაობთ ამ რესურსის გამოსავლენად. თუმცა როდესაც გვეკამათებიან ჩვენ - ქალების გაძლიერებაზე მომუშავე ადამიანებს, ძირითადი არგუმენტი აქვთ, რატომ ვანიჭებთ მათ დამატებით მექანიზმებს და ინსტრუმენტებს გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური გამოსვლებისას დასაქმებასა და ეკონომიკაზე საუბრობდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ ეკონომიკური ზრდა, როცა ქვეყნის მოსახლეობის 50%- ზე მეტი ქალია და ამ ქალთა დიდი ნაწილი არ არის ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში?“ - მიმართა ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ქალებისთვის თანაბარი უფლებები კონსტიტუციითაა გარანტირებული, ამასთან, გარანტირებულია თანაბარი შესაძლებლობების გაჩენაც.
„ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის, ქალების ეკონომიკაში ჩართულობის, ქალების პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. ახლაც, როცა ჩვენ ქალთა ორგანიზაცია დავაფუძნეთ, დავდივართ რეგიონებში და ათიათასობით ძალიან ენერგიულ და მოტივირებულ ქალს ვხვდებით და ვხედავთ, რომ ეს ქალები არიან რეალურად რესურსი და შესაძლებლობა ქვეყანა უკეთესობისკენ რეალურად შესაცვლელად. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, გვინდა ქალები გავაძლიეროთ უშუალოდ პარტიის შიგნით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.