საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ ქვეყანის მოწინავე პოზიციებზე გამოცემა Bloomberg ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ რეფორმების, შემცირებული საგადასახადო ტვირთისა და გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, საქართველო ევროპისა და აზიის კვეთაზე ბიზნესის წარმოებისთვის სტაბილურობის შუქურაა.
ავტორი წერს, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი სტაბილურად მოძრაობდა აღმოსავლეთისკენ. 21-ე საუკუნის დასაწყისის ეს მაკროტენდენცია ახალი სირთულეების წინაშე დგას, მათ შორის მიწოდების ჯაჭვების თვალსაზრისით, რაც ჩაკეტვითა და ენერგეტიკული კრიზისით იყო გამოწვეული. ამ გაურკვევლობებს შორის კი აღსანიშნავია საქართველოს განახლებული შესაძლებლობა.
„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე უძველეს აბრეშუმის გზაზე მდებარე სამხრეთ კავკასიის ამ ერმა თავისი ისტორიული სავაჭრო პოზიციის აღორძინებას, ფართო ეკონომიკური რეფორმების დახმარებით რამდენიმე წელი მოანდომა, რითიც შეამცირა ბიუროკრატია და საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ადგილად აქცია“, - აღნიშნავს ავტორი.
„საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე ლიბერალურ საგადასახადო სისტემას და შრომის კოდექსს ეფუძნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მისი მთლიანი ბიზნესის გადასახადები და შენატანების განაკვეთი მოგების მხოლოდ 9.9% -ია, რაც მსოფლიოში მესამეა ყველაზე დაბალი მაჩვენებლის თვალსაზრისით, გაუნაწილებელი და რეინვესტირებული მოგება კი გადასახადისგან გათავისუფლებულია. ასევე, არ არის სოციალური უზრუნველყოფის გადასახადი და პირადი საშემოსავლო გადასახადი 20%-შეადგენს. საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისთვის საჭირო სულ რაღაც ერთი დღეა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახალი ზელანდიის გარდა, მსოფლიოს ვერც ერთი ადგილი ვერ შეედრება ბიზნესის დასაწყებად საქართველოს მარეგულირებელ საქმიანობას.
S&P-ის ბოლო BB რეიტინგებით, რომელიც განპირობებულია 2021 წელს საქართველოს მშპ-ის 10.4%-იანი ზრდით,2022-2023 წლებში 4%-5.5%-იანი წლიური ზრდის პოტენციალი აღინიშნა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელის წყალობით, ქვეყანა 2.3 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზრის ცენტრში დგას, რომელიც მას ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან აკავშირებს. ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა ბიზნეს მეგობრულ კარიბჭედ აქცევს, რისი დახმარებითაც საქართველო ცენტრალურ აზიაში, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო პუნქტი ხდება“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულმა ხელსაყრელმა პოზიციამ ნათელი საინვესტიციო შესაძლებლობები შექმნა ლოგისტიკის სექტორში, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტით გაძლიერდა, რომელიც თურქეთსა და ევროპის სარკინიგზო ქსელს კასპიის ზღვასთან აკავშირებს.
„საქართველო უზრუნველყოფს ევროპისკენ მიმავალ მარშრუტს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულით, სამანქანო დანადგარებით და სატრანსპორტო აღჭურვილობით ვაჭრობენ. თურქეთიდან ჩინეთში ტვირთის გადამზიდავმა პირველმა მატარებელმა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ რკინიგზაზე.
საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები აქვს ძირითად ცენტრებში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში, ქუთაისში, რომელიც სიდიდით ქვეყნის მესამე ქალაქია და ფოთში, რომელიც ქვეყნის უდიდესი საზღვაო პორტიდან სულ რაღაც ორი კილომეტრით არის დაშორებული. ეს ზონები დაბალ საგადასახადო გარემოს სთავაზობენ წარმოების სექტორს ინვესტორებისა და კომპანიების მხარდასაჭერად“,- ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, მთავრობის მიერ კარგად ორგანიზებული და ბიზნეს-მეგობრული მიდგომით, ბიუროკრატიის დაბალი დონით და მარტივი საგადასახადო სისტემით, საქართველოს ბიზნესგარემო გაძლიერებულია ნიჭის ხელმისაწვდომობით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყნის 120 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება. ქვეყნის მუშა მოსახლეობის 55% 45 წლამდე ასაკისაა. ამ ძირითადად ახალგაზრდა, წიგნიერი, კარგად განათლებული სამუშაო ძალის გამოყენებით, საქართველოს ბიზნეს პროცესები და IT სექტორები თავს აყალიბებენ რეგიონულ ჰაბებად მომხმარებელთა საკონტაქტო ცენტრებისა და არქიტექტურის, დიზაინისა და საინჟინრო სერვისებისთვის.
გამოცემა Majorel Georgia-ს დირექტორს, ალექსანდრ მირონენკოს ციტირებს, რომელიც აღნიშნავს, რომ „დაბალ ბიუროკრატიას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს ინვესტორების ნდობა მოაქვს.
ევროპელ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის კომპანია, Majorel დაახლოებით 73,000 ადამიანს ასაქმებს 36 ქვეყანაში. როდესაც კომპანია Majorel-მა საქართველოში ოფისი დააარსა, 300-400 ადამიანის დასაქმების მოლოდინი იყო, თუმცა, 6 წლის შემდეგ, ოფისს 10 ჯერ მეტი დასაქმებული ჰყავს.
„ამჟამად 3000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა და მათგან, 80%-ს აქ აქვს უმაღლესი განათლება, ან ამჟამად სწავლობს. ასევე, ჩვენს ბევრ საკვანძო განყოფილებას ქალი ხელმძღვანელობს“, - აცხადებს ალექსანდრ მირონენკო, Majorel Georgia-ს დირექტორი. მისი თქმით, საქართველო შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაა, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან განვითარდა.
ავტორი საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ 20 000-ზე მეტი მდინარით, რომელთაგან თითქმის 300 ჩქარი მდინარეა, საქართველო თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილების 70%-ს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბუნებრივი ენერგორესურსების მხოლოდ 25% არის ექსპლუატირებული იმის მიუხედავად, რომ გარშემორტყმულია განახლებადი ელექტრო ენერგიის დეფიციტის მქონე ქვეყნებით. საქართველოს კი აღნიშნული დეფიციტის შევსებაში შეუძლია დახმარება მისი სავარაუდო ქარის პოტენციალის 1,45 გვტ-ის რეალიზებით. ავტორის თქმით, საქართველოს წამყვანი ქარის პროექტია ქართლის ქარის ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 20,7 მეგავატია. საქართველოს ასევე აქვს მზის ენერგიის პოტენციალი- ზოგიერთ რეგიონში წელიწადში 2000 საათზე მეტი მზის შუქია.
სტატიაში ნათქვამია, რომ 2021 წლიდან, აშშ-ის მზის ფოტოელექტრული პანელების მფლობელი კომპანია AIONRISE საქართველოში საწარმოო ქარხანას ფლობს, რომლის წარმოების სიმძლავრეც 500 მეგავატია, რაც მას ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად აქცევს ევროპაში. კომპანიის წარმომადგენლის შოხრუხ ბარატოვის თქმით, საქართველოში ლოგისტიკური თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი.
„ჩვენ გვაქვს წვდომა შავ ზღვაზე, ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია მიწოდება და ახლოს გვყავს ისეთი დიდი მიმწოდებელი, როგორიც არის ევროკავშირი“.
ბარატოვი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში საცხოვრებელ და კომერციულ სახურავებზე მზის დანადგარებზე მზარდი მოთხოვნის გამო, მისი კომპანიის წარმატებას ხელს უწყობს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
„აქ ყველაფერი ევროპული სტანდარტებით კეთდება, ეს ჩვენთვის შესანიშნავი შანსია და ამიტომ ვართ აქ“, - ამბობს ბარატოვი.
კომპანიაAIONRISE ბიზნესის გაფართოებას აგრძელებს. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან ნედლეულის მიწოდებისთვის დაფინანსების მოძიებაზე, საქართველოში PV უჯრედების წარმოების გაფართოებისთვის.
„გადასახადების გადახდის, ბიუროკრატიის, განბაჟების, ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების თვალსაზრისით საქართველოში მუშაობა უფრო ადვილია, ვიდრე აშშ-ში“, - ამბობს ბარატოვი.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეფორმებითა და ინფრასტრუქტურული ხარჯებით წახალისებულმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყნის მასშტაბით 270 პროექტში ჯამში 4,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეაქო Covid-19-ის კრიზისის დაძლევაში საქართველოს ძალისხმევა, აცხადებს, რომ ბანკის ინვესტიციამ ქვეყანაში 2020 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 618 მილიონ ევროს მიაღწია. ინვესტიცია ფოკუსირებული იყო მწვანე ეკონომიკის, სოციალური თანასწორობისა და დიგიტალიზაციის ხელშეწყობაზე.
EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი კი ამბობს რომ საქართველოს, თავისი სავაჭრო ხელშეკრულებებით უზარმაზარ ბაზრებზე აქვს წვდომა. მისი თქმით, განახლებადი ენერგიის პროექტებს საქართველოში უზარმაზარი პოტენციალი აქვს როგორც შიდა, ასევე უცხოური ინვესტიციებისთვის. ჰანსენი განმარტავს, რომ EBRD ის ინტერესს ასევე წარმოადგენს გამწვანების წარმოება და აგრობიზნესი და ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებთან მუშაობენ.
ავტორი აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებით, საქართველომ ბევრი იმუშავა ეკონომიკის ტრანსფორმირებისთვის, ზრდის ტემპის გაზრდისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. 2000 წლიდან ენერგიის მოხმარება თითქმის გაორმაგდა, რაც ძირითადად გამოწვეულია ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორების ზრდით; EBRD-ის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება ძლიერ კორელაციაშია საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და აღნიშნულის რღვევის მაჩვენებლები არ შეინიშნება.
გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების საშუალებით მეტ ვიზიტორსაც იღებს: 2010 წელს ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური; 2019 წელს ეს რიცხვი 9,4 მილიონამდე გაიზარდა. ტურიზმიდან შემოსავალი 2015 წელს 1,94 მილიარდი დოლარიდან 2019 წელს 3,27 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ეკონომიკის 8,1%-ს შეადგენს.
„საქართველო, მისი ხელმისაწვდომობის გამო, ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. წვდომა გაქვთ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირთან და ხელისუფალთან. ასევე წვდომა გაქვთ ფინანსებზე- საბანკო სისტემა საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული“, - ამბობს EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. მისი თქმით, იმისთვის, რომ გაიგო, როგორ იმუშავებს თქვენი კომპანია საქართველოში, უნდა მოხვიდე და თავად მიიღო გამოცდილება.