„ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპირა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტოა.
„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი „ოცნების" გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი... იმის შემდეგ, რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთი გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუნდაც მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე და სწორი გათვლის შედეგად. თუმცა, გარანტია არ არსებობდა იმისი, რომ „ოცნება" თავის ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში.
პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე.
ასეთი გადაწყვეტილება, მართლაც, უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში: პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ და ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას „უთმობდეს" ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობირებაში.
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყობ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს... პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრული დუმილის ფონზე.
ასეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად, ყველაზე საპასუხისგებლო", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.