უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ელის, რომ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში დათმობებზე წავა.
„არ შეიძლება უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები იყოს, ჩვენს ზურგს უკან, არ შეიძლება შეთანხმება იყოს, არ შეიძლება მოლოდინი იყოს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებისგან, რომ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს პოზიციებს, რომ ჩვენ ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად გამოფიტულნი ვიქნებით, გვექნება ფულის დეფიციტი, საწვავის დეფიციტი და შემდეგ, როგორც ამბობენ, უკრაინა დამყოლი გახდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი სახელმწიფო არ იქნება ასეთი. ჩვენ უკვე დავკარგეთ ბევრი ადამიანი, რომ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ [უკრაინას სჭირდება] იარაღი, პოლიტიკური ერთობა ჩვენ ირგვლივ და ძლიერი სანქციების პოლიტიკა“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
6 ივნისს, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არავისთან არ აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს.