2022 წლის 6 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ორგანიზებით, გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას ღონისძიებისთვის გამოყოფილი დარბაზი აუდიტორიით სავსე დახვდა. მსმენელთა ნაწილი ფეხზეც კი იდგა. შეხვედრის დასაწყისში გ. სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა სოხუმისა და გორის უნივერსიტეტების მეგობრობას, თანამშრომლობას. ეს უმაღლესი სასწავლებლები თავისი როლითა და მისიით საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში დგას. ამასთან ერთად, ერთობლივად წარმატებით ახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს.
-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მინდა მივესალმო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ცნობილ ქართველ დიპლომატს, მეცნიერს, ჩემს მეგობარს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და ჩვენს ძვირფას სტუმრებს – აღნიშნა პროფესორმა გ. სოსიაშვილმა. „დღეს რომ საზოგადოებას არ ავიწყდება სოხუმი და აფხაზეთი, სწორედ, სოხუმის უნივერსიტეტის დამსახურებაა. ეს სასწავლებელი დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი მოძმე ერი ისევ შეაკავშიროს, დააძმობილოს და ერთიან სახელმწიფოში ჩვენი წარმატებული თანაცხოვრება უზრუნველყოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებად დარჩებოდა, რომ არა ბატონი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ამ იდეას, სულისკვეთებას ახალი სტიმული და ახალი ცხოვრება მისცა. ბატონ ზურაბის დიპლომატიურმა გამოცდილებამ განსაკუთრებული ხედვის წერტილი მისცა, საიდანაც სხვა კუთხით დაინახა უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტის პერსპექტივა. შედეგად კი მივიღეთ შესაძლებლობა, რომელზედაც აქამდე არც არავის უფიქრია, უმსჯელია და ეს გზაც, შესაბამისად, არც დაუნახავს. ბატონმა ზურაბმა მისი ნააზრევი სამსჯელოდ დიდი ხნის წინ გამოიტანა, პირად საუბრებშიც არაერთხელ განგვიხილავს, გვიმსჯელია. ამჯერად კი ეს ყველაფერი ამ მონოგრაფიაშია ასახული, რომლის პრეზენტაციასაც აქ ვმასპინძლობთ. სიამაყით მინდა შევნიშნო, რომ ერთ-ერთი რეცენზენტი მეც ვარ ამ წიგნისა. ძალიან მალე, ოფიციალურადაც გამოქვეყნდება ჩემი მოსაზრებები ამ მონოგრაფიის შესახებ და ამიტომ მე ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მაგრამ იმას კი ვიტყვი აქ, რომ იდეა, რომლის ავტორიც პროფესორი ზურაბ ხონელიძეა და რომელსაც მან „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ უწოდა, იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად მრავალ ასპექტიანი და ღრმაა, რომ ის ხანგრძლივი კვლევის ობიექტი იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ – უცხოეთშიც. მე ვარ მოწმე, რამდენად დაინტერესდნენ ჩვენი თურქი მეგობრები და კოლეგები „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“. მინდა აქვე ვთქვა, რომ უკვე ვმუშაობთ და ვგეგმავთ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ სასწავლო საგნად დავამუშაოთ და ის ჩვენს სასწავლო პროგრამაში ჩავსვათ. ვიცი, რომ მსგავსი მოსაზრება სხვა ქართულ, თუ უცხოურ უნივერსიტეტებსაც აქვთ“.
პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი:
ჩემთვის ეს იდეა ახალი არ არის იმდენად, რამდენადაც ბატონ ზურაბთან უშუალო საუბრისას არაერთხელ გვისაუბრია როგორც თურქეთში ჩვენი შეხვედრისას, ასევე აქ – საქართველოში. ამდენად, აქ მოვედი არა რაღაც ჩემთვის ახლის გასაგებად, არამედ ჩემი ღრმა პატივისცემის დასადასტურებლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძისადმი, რომელმაც „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“ უაღრესად საინტერესო იდეა შემოგვთავაზა ყველას. ახლა ამ იდეას ხორცს როგორც შევასხამთ და როგორ მივიღებთ იმ პოზიტიურ შედეგს, რაც მას ახლავს, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგიც ძალიან მალე დადგება. ამ იდეის წარმატებას ხელს ვერავინ შეუშლის.
გიორგი ხორბალაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი:
ჩვენი უნივერსიტეტი დიდი ხანია ამ პრეზენტაციას ელოდა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა თავად ავტორისგან მოვისმინოთ იმ საინტერესო იდეის შესახებ, რაც აქამდე გვსმენია და ჩვენი დაინტერესება უკვე ამითაც კი გამოუწვევია. ბატონ გიორგისთან ერთად არაერთხელ გვიმსჯელია და შევთანხმებულვართ, რომ ძალიან მალე ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ აქვე სასწავლო კურსადაც მოისმინონ და ამ გზით ახალი ცოდნა შეიძინონ, რომელიც ჩვენს კუთხესაც, შიდა ქართლსაც, ძალიან გამოადგება. ბატონო ზურაბ, უღრმესი მადლობა თქვენი სტუმრობისათვის და მეგობრობისათვის!
ასოცირებული პროფესორი სოსო ალიმბარაშვილი:
მეც იმათ რიგში ვარ, ვინც ამ იდეის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო, მოისმინა, გაიაზრა და იმთავითვე მხარიც დაუჭირა. ამასთან, ბატონმა ზურაბმა, გამოქვეყნებისთანავე მოგვაწოდა წიგნი და უკვე წაკითხულიც მაქვს. ვფიქრობ, ჩვენს აუდიტორიას, რომელიც მოუთმენლად ელოდება ავტორის მოსმენას, ძალიან საინტერესო საკითხების არა მარტო მოსმენა, არამედ მასზე ფიქრიც, მსჯელობაც და გააზრებაც ელოდება წინ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ერთად გახლდით ბაქოში ჩატარებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო კონგრესზე, სადაც ბატონმა ზურაბმა მოხსენებაც კი წაიკითხა ამ თემაზე და ისევ ის დაინტერესება დავინახეთ ჩვენი უცხოელი კოლეგებისაგან, რაც აქამდე არა ერთგან შეგვინიშნავს. ეს იმას ადასტურებს, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ იდეაა, რომელიც სხვადასხვა ერების, ქვეყნების, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ რეგიონში მცხოვრებთა დიდ დაინტერესებას იწვევს. ესე იგი ეს იდეა აქტუალურია და ახალია, რომელზედაც აქამდე ჯერ არავის უფიქრია. კიდევ ერთხელ, აწ უკვე, ჩემს უნივერსიტეტში გილოცავთ ამ მონოგრაფიას, ბატონო ზურაბ, და მას იმ წარმატების გამრავლებას ვუსურვებ, რაც უკვე დამსახურებულად აქვს.
ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა წიგნის ავტორს. ბატონმა ზურაბმა, რომელმაც გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გ. სოსიაშვილს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და მისი ნაშრომისადმი გამოვლენილი ინტერესისათვის. მან ასევე გაიხსენა ბაქოში გამართული საერთაშორისო კონგრესი და აღნიშნა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეით დაინტერესდნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები:
– მე მათ ვუთხარი, რომ ყარაბაღის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მისი საბოლოო გადაწყვეტაც არც ისე ადვილია იმ მოცემულობით, რაც დღეს არსებობს. მაგრამ შესაძლებელია ამ 30-წლიანი პრობლემის გადაჭრა, მთავარია იმ მოცემულობის შეცვლა, რომელიც შედეგს არ იძლევა. როგორ შევცვალოთ მოცემულობა? აი, აქ წერია, აქ არის ხედვა წარმოდგენილი. ახლა უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი და შედეგიც დადგება, რომელიც დააკმაყოფილებს არა მარტო ბაქოს, არამედ – ერევანსაც, თბილისსაც. სხვათა შორის, ამ იდეით სომხეთშიც დაინტერესდნენ და ძალიან მალე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მნიშვნელოვან კონფერენციას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მეცნიერები. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მათ „საუნივერსიტეტო დიპლომატიაში“ ნახეს ის სივრცე, სადაც შესაძლებელია საუბარი, საკითხის განხილვა და შედეგებამდე მისვლა. ძალიან ბევრი მეცნიერი, პოლიტიკოსი, როგორც საქართველოდან, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრები და პარტნიორები, ელჩები, იზიარებს ამ იდეას, მხარს უჭერს. ეს არ არის ზურაბ ხონელიძის იდეა, ეს საქართველოს იდეაა, ეს თქვენი იდეაა, ეს ქართული იდეაა. მე ისეთი არაფერი ახალი მითქვამს, რაც ბუნებაში არაა, რაც ჩვენს წარსულში არაა, რაც ჩვენს კულტურაში არაა, რაც ჩვენს ტოლერანტიზმში არაა, რაც ჩვენს ეროვნულ დიპლომატიაში არაა, რაც ჩვენს უძველეს საგანმანათლებლო ტრადიციაში არაა. ამიტომაც მას ქართული იდეა, ქართული პარადიგმა ეწოდება.
მოხსენების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არა ერთი საინტერესო კითხვა დაუსვეს. აუდიტორიას აინტერესებდა როგორც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგება, ასევე – საქართველოს მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების პერსპექტივები. ყველა კითხვაზე ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები იქნა გაცემული.
– მე ბევრი რამ მიფიქრია, მისწავლია ჩვენს წარსულზე, როგორ მოვსულვართ, სად ვართ, მაგრამ თქვენმა მოხსენებამ ბევრი საფიქრალი გამიჩინა, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით რაზმაძემ . – მე მადლობას მოვახსენებ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგის, რომ ამ საინტერესო ღონისძიებაზე მომიწვია და ამ აქტუალური მოხსენების მოსმენის შესაძლებლობა მომცა. თქვენ გარკვეული საკითხები სხვა კუთხით დაგვანახეთ, რამაც სხვა შედეგის დადგომის შესაძლებლობა გამოაჩინა. ბატონო ზურაბ, თქვენი წიგნი, დარწმუნებული ვარ, წიგნის თაროზე არ ჩამოიდება. ის ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგიდო წიგნად იქცა უკვე, რომელიც დაგვეხმარება ბევრი საკითხის ახლებურად გააზრებაში. უღრმესი მადლობა თქვენ სტუმრობისა და თქვენი ნაშრომისათვის!
ღონისძიების მონაწილეები, სოხუმისა და გორის უნივერსიტეტები, მათი რექტორები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დალოცა სოხუმის მკვიდრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ.