ამერიკის შეერთებული შტატების აეროკოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ივლისი ბოლო 136 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე იყო.
როგორც NASA-ს მთავარი კლიმატოლოგი გევინ შმიდტი აცხადებს, მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,84 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე 1950-1980 წლების საშუალო ტემპერატურა.
2016 წლის ივლისის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა აღემატებოდა წინა რეკორდულად ცხელი თვეების - 2011 წლის ივლისისა და 2015 წლის ივლისის ტემპერატურებს 0,18 გრადუსით.
მეცნიერების დიდი ნაწილი გლობალური დათბობის მიზეზად სათბურის აირებს ასახელებს.
„საშიშია ის, რომ ჩვენ შევდივართ ეპოქაში, როდესაც ყოველი მომდევნო თვე ან წელი იქნება რეკორდულად ცხელი", - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი კრის ფილდი.