„საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და დაჩქარებული განვითარება ობიექტურად განაპირობებს ჩვენი ქვეყნით უცხოელ ინვესტორთა დაინტერესების ზრდას. ეს დასტურდება 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რომლითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4-ჯერ (435.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და568.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ეს არა მარტო მნიშვნელოვნად (79.1%-ით) აღემატება პანდემიამდელი 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს, არამედ საერთოდ რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ყოველი წლის პირველი კვარტლების მაჩვენებლებს შორის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად პირველ კვარტალში FDI გაოთხმაგდა და $568 მილიონს მიაღწია.
ექსპერტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობრივ ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
„მიღწეული დონე ცალსახად ადასტურებს ინვესტორთა მზარდ ნდობას და პოზიტიურ მოლოდინებს საქართველოში არსებულ ბიზნეს-კლიმატზე, საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოსადმი. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, ყურადღებას იმსახურებს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული შემდეგი სამი ასპექტი:
უცხოური ინვესტიციების ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს ხელისუფლების გაწონასწორებულმა, სამშვიდობო და ამაზე დაფუძნებულმა საინვესტიციო პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ, განსაკუთრებით ხარისხობრივი, მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელ დარგებსა და წარმოებებში ინვესტიციების მოზიდვისაკენ“, - წერს იოსებ არჩვაძე.