კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილს პასუხობს.
ხაინდრავას თქმით, ლევან ბერძენიშვილმა პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი უნდა დაანებოს, რადგან არ შეიძლება, იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იბრძოდი, ბანდიტი უწოდო.
„ალბათ, მან პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს, როდესაც თანამებრძოლებს, იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც უმძიმესი დღეები გადაიტანა, ვის პოლიტპატიმრობასაც ხმა მისცა, ბანდიტებს უწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური პაექრობა მოუწევთ. აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა და პენსიაზე უნდა გავიდეს. უნდა იფიქროს იმაზე, რომ უფრო საღი გონების ადამიანებს დაუთმოს გზა. ლევან გოგიჩაიშვილი არის კაცი, რომელმაც მათთან ერთად უმძიმესი დღეები გადაიტანა. სირცხვილია, რომ ახალგაზრდა კაცს ბანდიტი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მან პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება გადაწყვიტა. სრულიად გაუგებარი განცხადებაა და თუ ის საკუთარ პოლიტიკურ კარიერას პატივს სცემს, ამ საქმიანობას თავი უნდა დაანებოს", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, თუ ვინმე ქართულ სინამდვილეში, პოლიტიკურ ბატალიებში გამოცდილი ადამიანიაა, ეს არის ლევან გოგიჩაიშვილი.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი „რესპუბლიკელ" დავით უსუფაშვილს დაამარცხებს.
„თუ ის არ იქნებოდა უსუფაშვილის მოწინააღმდეგე, იქნებოდა თინა ხიდაშელის ან რომელიმე „რესპუბლიკელის". რით განსხვავდება უსუფაშვილი სხვა „რესპუბლიკელებისგან"? დაამტკიცოს მან პოზიტიურობა, მოიგოს არჩევნები. შეეშინდათ გოგიჩაიშვილის? - უნდა შეეშინდეთ. დარწმუნებული ვარ, მოუგებს უსუფაშვილს. ლევან ბერძენიშვილმა კი, გამონათქვამები უნდა შეარჩიოს", - განაცხადა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, საბურთალოს ოლქში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან გოგიჩაიშვილს „რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდება.
„დავით უსუფაშვილს დაუყენეს ლევან გოგიჩაიშვილი - რადგან ბანდიტი იყო და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება? ვერ გავიგე, რა მიდგომაა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.