logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით ცესკო-ს დროულად უნდა მიწოდებოდა
- +

16 აგვისტო. 2016. 15:54


ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ცესკო-ში საარჩევნოდ რეგისტრირებულ პარტიებს უკავშირდება, დროულად და ოფიციალურად იყოს მიწოდებული. მისი თქმით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პარტია „ცენტრისტების" ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს, ცესკო-სთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო და ის მხოლოდ გუშინ, მედიასაშუალებების მეშვეობით გაიგეს.



„გუშინ, მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა არ არის იურიდიული ძალის მქონე, რაც სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მხოლოდ გუშინ, მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი. ასეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იმ პოლიტიკური გაერთიანებების სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, რომლებიც როგორც იუსტიციის სამინისტროში არიან რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციაზე ტარდებიან, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებებიდან საარჩევნო ადმინისტრაციას დროულად და ოფიციალურად მოეწოდოს", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვით, პარტია „ცენტრისტების" ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.


„დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების" რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკო-ს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner