„საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად გაიზარდა და 568,2 აშშ დოლარს მიაღწია“, - ამის შესახებ საკონსულტაციო ცენტრის „Gulbani Economic Analysis“ ხელმძღვანელი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად პირველ კვარტალში FDI გაოთხმაგდა და $568 მილიონს მიაღწია.
გულბანის თქმით, აღნიშნულ ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოებამ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:
„ევროპიდან ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ხოლო რუსეთიდან მცირდება;
იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას ინარჩუნებს, ეს ცალსახად დაბალანსებულ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა საინვესტიციო მიმზიდველობაზე მეტყველებს;
ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ფულის დაბანდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, „ასჯერ ზომავს და ერთხელ ჭრის“.
თუკი რაიმე რისკი არსებობს არასტაბილურობის, ან თუკი ქვეყანაში კორუფციული ხელისუფლებაა, ინვესტორი აუცილებლად თავს შეიკავებს ასეთ ქვეყანაში ინვესტიციისგან. შესაბამისად, პირველ კვარტალში ინვესტიციების რეკორდული ზრდა მეტყველებს მთავრობის მიმართ ნდობაზე და მომავლის დადებით პერსპექტივაზე;
პოლიტიკოსები, რომლებიც გამალებით ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას, არიან უპასუხისმგებლო დამნაშავეები, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ დროს ქვეყანაში არათუ ინვესტიციები არ შემოდის, არამედ საუბარი რაიმე ტიპის განვითარებაზე რამდენიმე ათწლეულით იხევს უკან“, - წერს შოთა გულბანი.