ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის პარტიის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც წინასაარჩევნოდ, სამინისტროს მხრიდან 156 ათასი ადამიანისთვის სოციალური დახმარების გაცემას ეხება. სერგეენკომ მოუწოდა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის", რომ არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება.
„რაც შეეხება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მე ნამდვილად არ ვარ განწყობილი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ჩოგბურთის სათამაშოდ. ძალიან კარგად უნდა დაფიქრდნენ და ასეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება, არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაეყრდნონ. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებშია. თვეში ცვლილებები პლუს-მინუს 5 ათასის ფარგლებშია. მათ ეს 156 ათასი უბრალოდ საიდანღაც მოიფიქრეს და ძალიან ვთხოვ, რომ რამე ქმედითით დაკავდნენ, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციებით", - აღნიშნა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.