საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. ნიდერლანდელი კოლეგა მიესალმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჰააგაში, თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა მადლიერება გამოხატა გულთბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის.
შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს და როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე გაზრდილ და აქტიურ ინტერაქციას. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, რაც დამატებითი იმპულსია თანამშრომლობის სამომავლო აქტიური დღის წესრიგის შემუშავებისთვის.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მ.წ. 8 ივნისს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ, რომელთა მხარდამჭერებსა და თანასპონსორებს შორის მუდმივად არის ნიდერლანდების სამეფო, როგორც საქართველოს მტკიცე მოკავშირე და პარტნიორი.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით.
მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ პოზიტიურ ტენდენციას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოვლენის და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში აქტიური მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მჭიდრო კომუნიკაციაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების აქტიურ ინტერაქციაში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.