თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა თურქი ოპოზიციონერი ფეთჰულა გიულენისთვის 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 210 000 დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა.
პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დამნაშავედ ცნოს „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის", „მთავრობის ძალადობირივი გზით ჩამოგდების მცდელობის", „რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა" და „ტერორიზმის დაფინანსების" მუხლებით.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მოღვაწეს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს.