“სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება,” - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად დგამს ნაბიჯებს სამხედროებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.
„თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის მთავარი სიძლიერე და მისი წარმატების ქვაკუთხედი არის ჩვენი პროფესიონალი და მამაცი სამხედროები. ნებისმიერ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია პროფესიონალი, მოტივირებული და დისციპლინებული სამხედროების გარეშე. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვდგამთ ნაბიჯებს მათ დასაფასებლად და უკეთესი პირობების შესაქმნელად. სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გზაზე, 2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ხელფასების ზრდა დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის კი 10%-ის ოდენობით. ბოლო წლებში ეს უკვე რიგით მეორე ხელფასების მატებაა, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ ხელფასების ზრდის შეუქცევადობისათვის თავდაცვის კოდექსში განხორციელდეს ჩანაწერი, რომელიც მშპ-ს ზრდის პარალელურად სამხედროების ხელფასების ყოველწლიურ ზრდას უზრუნველყოფს. ამ პროცესშიც, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსების უზრუნველყოფას გულისხმობს.
„წარმატებით მიმდინარეობს ბოლო წლებში ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2,250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ. პროექტის დაწყებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს სწავლის დაფინანსებით საერთო ჯამში ისარგებლა 3635 პირმა, სტიპენდია გაიცა 454 პირზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.