უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დანაკარგი 100-დან 200-მდე ჯარისკაცს შეადგენს.
დიდი დანაკარგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პოდოლიაკმა უკრაინისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს შორის პარიტეტის ნაკლებობა დაასახელა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ასობით ყველაზე ძლიერი საარტილერიო სისტემა, რომელიც დასავლეთს შეუძლია მიაწოდოს. მტრის საცეცხლე ძალასთან პარიტეტის მისაღწევად და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის, პოდოლიაკის თქმით, საჭიროა 300-მდე სარაკეტო სისტემა.
მან დასძინა, რომ „სანამ რუსეთი სერიოზულ სამხედრო დამარცხებას არ განიცდის, დიალოგის არანაირი ფორმა შესაძლებელი არ იქნება“.