ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში პოლიტიკისა და საერთაშორისო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ივლისის თვეში ვარშავის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მაღალი დონის სტატუსით არ იყო მიწვეული.
მაისაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში ლექციის წასაკითხად ჩავიდა.
ამის შესახებ ექსპერტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა" და TVfree-ს ერთობლივ გადაცემაში „დიალოგი საზოგადოებასთან", გურამ ადამაშვილთან სტუმრობის დროს განაცხადა.
„დავიწყოთ იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ კონფერენციაზე მაღალი დონის სტატუსით არ იყო მიწვეული. კონფერენციის გახსნაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკური ლიდერები - უკრაინის ყოფილი მინისტრი კრავჩუკი, ბელარუსის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე შუშკევიჩი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მდივანი გენადი ბურგულისი და ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, სააკაშვილი იქ არ იმყოფებოდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ყოფილი პრეზიდენტი აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა, მის მიმართ პროტესტი გამოხატეს.
„სააკაშვილი უბრალოდ ჩავიდა. მას უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია ვარშავის უნივერსიტეტში დიდი აუდიტორიის წინაშე. როცა ის გამოჩნდა ვარშავის უნივერსიტეტში, აუდიტორია ძალიან მწირი იყო, მაგრამ ამ მწირი აუდიტორიიდან, ფაქტობრივად, უმრავლესობამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, რომელთაც იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის „საგმირო საქმეები" საქართველოში, გამოხატეს პროტესტი. მას უწოდეს ქართველი პუტინი, ჯალათი და ჩაუშალეს ლექცია. ჩათვალეს, რომ ასეთი ადამიანი ლექციებს კი არ უნდა ატარებდეს, არამედ უნდა იჯდეს ციხეში. ეს პროტესტი იყო საკმაოდ მძაფრ ფორმებში გამოხატული და მისი ეპოპეა დასრულდა თუნდაც ამ მიმართულებით.
სხვათაშორის, მის ამ ლექციას არ ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკური ფიგურები, თუნდაც კრავჩუკი, შუშკევიჩი, იუშჩენკოც კი და ეს ბევრისმეტყველიც არის. მე მიხეილ სააკაშვილის ლექციაზე არ ვიმყოფებოდი, უფრო გაცილებით მაღალი დონის შეხვედრა მქონდა პოლონეთის სამხედრო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან",-განაცხადა მაისაიამ.
მისი ინფორმაციითვე, სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საკმაოდ გავლენიანი პრესის ფურცლებზე მეორე დღესვე დაიბეჭდა.
„აღნიშნულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გამოქვეყნდა. ამ ვიდეოდან ჩანს, რომ დარბაზი არის, ფაქტობრივად, ცარიელი და ცარიელი დარბაზის ფონზეც კი მას გამოუთქვეს სერიოზული პროტესტი. რამდენიმე ახალგაზრდამ მისი ტრიბუნიდან ჩამოგდებაც კი მოინდომა, რის შედეგადაც დაცვის და პოლიციის მეშვეობით მოხდა ამ ხალხის აუდიტორიიდან გაყვანა, თუმცა ეს ლექციაც ბოლომდე ვერ ჩატარდა, აღნიშნული მიზეზების გამო", - განაცხადა მაისაიამ.