ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ერთ კალათაში მოთავსება გაურკვევლობას გაზრდის.
გამოცემა EURACTIV-ის კითხვაზე, შიშობს თუ არა ის, რომ უკრაინის განაცხადის საქართველოსა და მოლდოვასთან მიბმამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს გაწევრიანების პროცესი, სტეფანიშინამ უპასუხა, რომ კიევი „ნამდვილად შეშფოთებული იქნება“ ასეთი შესაძლებლობით.
„ბრიუსელში დისკუსიების დროს, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ჩვენ [სამს] ომის მიღმა ძალიან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.
გამოცემა EURACTIV-ი წერს, რომ ევროპელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ უკრაინა ახლა ბევრად განსხვავებულ მდგომარეობაშია რუსეთის შეჭრის გამო და შეიძლება განიხილებოდეს, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა.
„ჩვენი სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოთავსება გაურკვევლობას ზრდის, ეს დამატებით არგუმენტს აძლევს სკეპტიკოსებს უარი თქვან, რადგან უკრაინისთვის - გასაგებია, საქართველოსთვის - გაუგებარია, მოლდოვასთვის - გაუგებარია“, - აღნიშნა სტეფანიშინამ.