სპეციალური პენიტენციური სამსახური ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების დაკომპლექტების მიზნით მოსახლეობას 500-მდე ვაკანსიას სთავაზობს. სამუშაო ადგილების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სახელფასო პირობებისა და სხვა ბენეფიტების შესახებ დაინტერესებულ პირებს უწყებამ ინფორმაცია ოზურგეთში გამართული დასაქმების ფორუმის ფარგლებში მიაწოდა, რომელშიც პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლის სტატუსით იყო წარდგენილი.
ლაითურში პენიტენციური დაწესებულების გახსნა 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 700-მდე პატიმარზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პენიტენციური დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეჟიმის დაცვაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და სასჯელის ეფექტიან აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 500-მდე ახალი თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან კომფორტული სამუშაო პირობებით.
კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და არსებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით უწყება ეფექტიანად იყენებს თანამშრომელთა ადგილზე სწავლების პრაქტიკასა და პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით ინტენსიურად უწევს ორგანიზებას გადამზადების სხვადასხვა კურსს.
ოზურგეთში გამართული დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა და მასში 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა.