logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: რა განსხვავებაა ევროპარლამენტსა და რუსულ ხომალდს შორის
- +

10 ივნისი. 2022. 14:17

 

 

რუსულმა ხომალდმა უკრაინელ დამცველებს მოუწოდა - დაგვნებდით, ჩაგვბარდით და მიწა, რომელიც თქვენი სამშობლო გგონიათ, ჩვენ ვისაც დავავალებთ იმათ უნდა მართონო.

 

ევროპარლამენტი გვეუბნება - ქართველო ხალხო, ჩვენი აღქმებიდან გამომდინარე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს, ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება და სულ ცალ ფეხზე გვკიდია, თქვენი ცხრაგზის ნდობაგამოცხადებულია თუ არა და დღესაც ენდობით თუ არაო. განვითარების გზაზე ყველანაირ წინააღმდეგობას შეგიქმნით, ვიდრე ჩვენ ვისაც „ვენდობით“, იმათ, ანუ „ჩვენს ნაძირალებს“, არ ჩავაბარებთ ძალაუფლებასო.

 

გულუბრყვილო, ანუ პატიოსანი მკითხველი იტყვის, რადგან რუსულ ხომალდსაც და ევროგაერთიანებასაც ერთი საბოლოო მიზანი აქვთ, მათ შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავო და ამ ევროხომალდსაც იმ მისამართზე გააგზავნის, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ ხომალდს რომ გამოუწერეს.

 

არა, ჩემო კარგებო, მთლად ასე იოლად არ არის საქმე. რუსულ ხომალდთან დაკავშირებით თუ შედარებით მარტივადაა ყველაფერი, რადგან რასაც ვხედავთ და რაც გვესმის, იმის იქით არაფერი იმალება, ევროკავშირის ჩვენდამი დამოკიდებულებას ერთგვარი კროსვორდის სახე აქვს, რადგან ათასი ურთიერთგადაჯვარედინებული დეტალისგან და ნიუანსისგან შედგება.

 

ნათელია, რომ რუსი სალდაფონი თავისი დიდი ზემდგომის, მოსკოვის კრემლის ბრძანებას ასრულებს (სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელისუფლებას დემოკრატიულობაზე რაიმე განსაკუთრებული პრეტენზია არ აქვს), რომელმაც აუხსნა, რომ ისინი იბრძვიან ძირძველი რუსული მიწების დასაბრუნებლად და მათი ომი არა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი ნაცისტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის მიერ 1922 და 1954 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დაჩაგრულ რუს ხალხს ხელს უშლიან ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში.

 

რაც შეეხება ევროკავშირს... „მსოფლიო დემოკრატიის მამები“ გვეუბნებიან: კარგად ვიცით, რომ საქართველოს სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში ხალხის მიერ მრავალგზის არჩეული ხელისუფლება ჰყავს; ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ სასამართლოს უსამართლო, უკანონო და პოლიტიკური დაკვეთის მაგვარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კონკრეტული ქეისები არ არსებობს; ისიც საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თუ ათი წლის წინ არცერთი კრიტიკული მედიასაშუალება არ ფუნქციონირებდა და ყველაფერი ჩვენი ქოლგის ქვეშ მყოფ ნაცხელისუფლებას ჰქონდა მიტაცებული, ახლა მარტო ე.წ. ოპოზიციაზე ექვსი არხი მუშაობს, თანაც აღვირახსნილი მეთოდებით და გარდა ამისა, უამრავი სხვა არხი შეუზღუდავად გადის ეთერში და ა.შ. და სხვა მრავალი... მაგრამ, მაინც ისეთი აღქმა გვაქვს:

 

ა) რომ თქვენ მიერ არჩეული ხელისუფლების საქმიანობა არ შეესაბამება თქვენს მისწრაფებებს;

 

ბ) რომ სასამართლო უსამართლოა, რადგან მკვლელი, მძარცველი და მოძალადე რეჟიმის ბელადი სააკაშვილი ციხეში გიზით, მიუხედავად იმისა, რომ მას ნერვულ სისტემას უზიანებს გისოსებისა და ბადრაგის ყურება, რაც არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია. ანდა გვარამიას მიერ შვიდი მილიონის მითვისება რა არგუმენტია, როცა ორმოცდა რვა მილიონის მომპარავი უგულავა გაგაშვებინეთ „დემოკრატიისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“;

 

გ) რომ მედია კი არის მრავალსუბიექტიანი და ჩვენთვის საინტერესო ნაწილი კვლავაც ინარჩუნებს სიბინძურის მაღალ დონეს, მაგრამ, ჯერ ერთი, გვარამიას მონაწილეობით მაინც სულ სხვა იყო, რადგან ასეთი მკადრებელი საუკუნეში ერთი იბადება და მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მძარცველ კეზერაშვილს სასათბურე პირობებს ვუქმნით და ათეულობით მილიონს ვახარჯვინებთ მათ შენახვაზე, შედეგებს ვერ ვხედავთ... ყველა ჩვენი გათვლით, ნაცპარტიას ბოლო არჩევნებიც უნდა მოეგო და ბოლოს წინაც და თუ სასურველი პროცენტი არ დაიდებოდა, რევოლუციას ხომ წინ ვერაფერი უნდა დადგომოდა...

 

 

ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ მიუხედავად ფართო პროპაგანდისა, თქვენი დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ვერ ვახერხებთ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას... ეჰ, მიშა, მიშა,.. შენ რომ ყოფილიყავი, ხომ ითარეშებდნენ ახლა რუსის ჯარისკაცები საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, ხომ უფრო მეტ მატერიალურ ზიანს მიიღებდნენ და ხომ უფრო გაუტყდებოდა სახელი ჩვენს საერთო მტერს გულში სათამაშოებჩახუტებული ქართველი ბავშვების გვამების ფონზე გადაღებული ფოტოებით?

 

ერთი სიტყვით, რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ, საქართველოს ხელისუფლებავ და მისი ზურგის გამმაგრებელო ქართველო ხალხო, აქ ცალკარობიას გეთამაშებით და არ გირჩევთ „თქვენ ზევითა ხართ, ჩვენ ქვევით...“ და რაღაც მაგდაგვარებით ჩვენს დამუნათებას.

 

ისე, ეს ქართველები რა გულუბრყვილო ხალხი ხართ,.. აქამდე როგორ ვერ მიხვდით, რომ დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და მსგავსი კატეგორიები მხოლოდ ჩვენთვის არის ფართო და შეუზღუდავი შინაარსის ცნებები. თქვენ, უკრაინას, მოლდოვას და კიდევ ბევრ თქვენისთანას რა როლსაც ჩვენ განგისაზღვრავთ, იმას უნდა დასჯერდეთ, სიტყვის შეუბრუნებლად. რას გვიქვია, ჩვენს ქალებს და ბავშვებს ვერ გავწირავთ უაზრო ომისთვისო? რა არის აზრიანი და რა არის უაზრო, ამაზე გადაწყვეტილებას  ჩვენ ვიღებთ.

 

... და აი, იმ აბზაცამდეც მივედით, სადაც მთავარ „საიდუმლოს“ უნდა აეხადოს ფარდა: მთელი ამ პროცესის შემოქმედი და ორგანიზატორია ის მრავალმხრივ გამორჩეული ძალა, რომელსაც აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, აყალიბებდეს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს. ეს ის ძალაა, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის „ურჩია“, გაეწვია ელჩი საქართველოდან და მერე საერთოდ გადაეყენებინა გაურკვეველი მიზეზით; ვინც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს „კარნახობდა“, სხვადასხვა ფორმების (ძირითადად - შეურაცხმყოფელი) გამოყენებით როგორ ჩაეთრიათ ჩვენი ქვეყანა დამღუპველ ომში; ვინც არ მალავს, რომ საქართველოში ისურვებდა სხვა ხელისუფლებას; ვინც ოფიციალური წარმომადგენლებისა თუ მოვლინებული შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით გეგმავდა არეულობის სხვადასხვა, არჩევნებთან მიბმულ, თუ არჩევნების გარეშე სცენარებს; ვინც წლებია უწყვეტ რეჟიმში უხვად აფინანსებს ანტისახელისუფლო და თავისი არსით ანტისახელმწიფო ე.წ. არასამთავრობოებსა და ე.წ. ექსპერტებს; ვინც გზას უკვალავდა და ზურგს უმაგრებდა ევროპარლამენტის კულისებში მოსუნსულე, ნაცბორდელის მიერ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით მივლინებულ პოლიტიკურ პროსტიტუტკებს...

 

რომელი ერთი ვთქვათ... გასდის და აკეთებს... და საერთოდ, ვინ კითხავს ევროპარლამენტს და მთლიანად ევროკავშირს, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში და რა იქნება საქართველოში ან უკრაინაში, განსაკუთრებით ქალბატონი ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ ასე რომ არის დაუძლურებულ-დაბეჩავებული. ვიღაცებს უკვირთ, თვენახევრის წინ მიღებული ტექსტი თავდაყირა როგორ ამოატრიალესო. თავდაყირა კი არ ამოატრიალეს, იმ ძლიერმა ხელმა თავზე გადააახია და საქართველოში გვარამიას და სამადაშვილის გარდა რომ არავინ იკადრებდა, ის ტექსტი ააფარა თვალებზე.

 

დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, საქმე ისევ „კოლმეურნეობის თავმჯდომარეს“ ეხება - „ვაშინგტონის კრემლს“. ყველა ლოგიკით, ყველა ღია და ფარული ინფორმაციის შეჯერებით, ძაფების ყველა ბოლოს ერთად შეკრებით, რუსეთთან ომში მყოფი ერთობის ლიდერ სახელმწიფომდე მივდივართ. ჩვენც ამ ერთობის წევრი ვართ, ოღონდ ესაა, ჩვენი როლი სხვანაირად წარმოგვიდგენია და ღირსეულადაც ვასრულებთ, მაგრამ წინამძღოლი „უფროსი ძმის“ პოზიციებიდან დაჟინებით მოითხოვს, „საზარბაზნე ხორცის“ მისია ვიტვირთოთ.

 

აღნიშნული პოლიტიკის სრული სახელია - XXI საუკუნის ნეოკოლონიალიზმი ნეოლიბერალიზმის მეტასტაზებით(!).  

 

გეთანხმებით, მძიმე წასაკითხია, მაგრამ თქვენც უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ მძიმე წასაკითხი იმიტომაა, რომ სიმართლეა... დღეს ყველა თავმოყვარე ქართველი გეტყვით, თუ ევროკავშირი იმ სიმართლით დადის, რაც რეზოლუციაში წერია, რა მინდა ასეთ ერთობაშიო, თუ ევროკავშირი ფოტიგა, კუბილიუსი, ფონ კრამონი და გრეგოროვაა, არც ასეთ ერთობაში დამრჩენია რამეო...

 

ჩემო მკითხველო, ისევ შესავალში წამოჭრილ დილემას დავუბრუნდები. მიუხედავად ზემოთ ხსენებულ ორ სუბიექტს შორის დიდი მსგავსებისა, მაინც გირჩევდით და გთხოვდით კიდევაც, ნუ იჩქარებთ ევროპარლამენტის რუსული ხომალდის მიმართულებით გაშვებას.  

 

ჩვენი მიზანი თანამედროვე, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებაა. ამას ვეძახით ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირის წევრობა ამ მიზნების მიღწევის ლოგიკური გაგრძელებაა და არანაირად არ არის თვითმიზანი. ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომში ევროკავშირის მეორეხარისხოვანი როლი და მეორე მხრივ, სხვის მიერ თავსმოხვეულ, ტყუილებით გაჯერებულ, სამარცხვინო რეზოლუციაში მომავალი პარტნიორის მიმართ გამოვლენილი უღირსი დამოკიდებულება, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპულ ღირებულებებს თავად ევროკავშირი დაშორდა. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ გაზულუქებასა და ნაყროვანებაში გადასული იმდენად დასუსტდა, რომ წამყვანი როლი ყველა მიმართულებით დაკარგა, უწინარეს ყოვლისა საერთაშორისო პოლიტიკაში. ნუ შეგვეშინდება ამაზე ხმამაღალი საუბრის, რადგან ჩვენი ორიენტირი ძლიერი ევროპაა, ხოლო გაძლიერების წინაპირობა მომავალი პარტნიორების მხრიდან სწორი ანალიზი და ობიექტური თვითშეფასებაა.

 

ყველაფერ იმას, რაც ამ დღეებში ხდება, ერთი დიდი დადებითი აქვს - „მეგობრებმა“ ნიღაბი ჩამოიხსნეს, რაც საშუალებას გვაძლევს ინერციიდან გამოვიდეთ და მათთან ურთიერთობა ახალ ფორმატში გადავიყვანოთ. შემოტევა ბევრი იქნება, მაგრამ უნდა გავუძლოთ. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიდი გარდატეხა იწყება და მხოლოდ ღირსებაზე დამყარებული პოლიტიკით გვექნება წარმატების შანსი. 

 

გაჯიუტებულმა „ვაშინგტონის კრემლმა“, რომელსაც კატეგორიულად არ სურს მეორე ფრონტთან დაკავშირებით ჩვენ მიერ უარყოფილი გეგმის კორექტირება, ახლა უკვე ევროპარლამენტარების (როგორც მანამდე უკრაინელი „პოლიტიკოსების“) მეშვეობით სცადა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიეყენებინა. მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დარწმუნებული ვარ, ამით მთელი ქართველი ხალხის სათქმელს ვიტყვი - ევროკანდიდატობა მაინც და მაინც დღეს იქნება თუ ხვალ, ეს არ არის მთავარი, მთავარია პრინციპებს არ ვუღალატოთ, ღირსება არავის შევალახინოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც, პრობლემებთან პირისპირ მდგარი, ამაყად წარმოვთქვამდეთ - საქართველო სახელმწიფოა!

 

 

ბიძინა  დვალი

 

10.06.2022 წ.    

 

P.S. საქართველოს „დასჯის“ გეგმის ავტორებმა ერთი რამ ვერ გათვალეს - ქართველ კაცს თუ რამე აღაშფოთებს, ესაა უსამართლობა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რის გამოც, ნაცვლად ანტისახელისუფლო მღელვარებისა, მიიღებენ ანტიევროკავშირულ და ანტიამერიკულ განწყობებს, რაც საბოლოო ჯამში, გონიერ პარტნიორს აიძულებს, გადახედოს დამოკიდებულებებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საბჭოთა კოლონიალიზმიდან თავდაღწეულები არ დავუშვებთ ისტორიის გამეორებას - კრემლი კრემლია, გინდა მოსკოვის იყოს და გინდა ვაშინგტონის(!).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner