„პაატა ბურჭულაძე უკვე რამდენიმე თვეა, პარტიაში საკუთარ ხალხს ფულს ვერ უხდის, თავად კი, მეუღლესთან ანჟელა ვალისენკოსთან ერთად, ჰანოვერში ისვენებს საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს.
„რატომ არ შეიძლება ვიკითხოთ, რა ფულით? რა უფლება აქვს ბურჭულაძეს, ხელფასები არ გადაუხადოს პარტიაზე მომუშავე კოორდინატორებს ან პარტიის წევრებს და თავად ზღაპრული დასვენება მოიწყოს? და ეს მაშინ, როცა მისი პარტიის წევრები საკუთარ შვილებს თბილისის მახლობლადაც კი ვერ აგზავნიან დასასვენებლად.
პაატას თბილისის აეროპორტში ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი გადააწყდა. მათ მიუნხენამდე ერთად იმგზავრეს, შედეგ კი როცა ჰანოვერის რეისზეც ერთად აღმოჩდნენ, ამის შესახებ გახარებულმა მოგვწერა: ბურჭულაძესთან ერთად ვიმგზავრე, ისიც ჰანოვერში ისვენებსო. როგორც ცნობილ ბანს, ფოტოებიც გადაუღო.
ისე, პაატა ბურჭულაძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მეუღლე ანჟელასთან ერთად ის სასტუმრო Schlosshotel Münchhausen(შლოსჰოტელ მიუნჰაუსენ)-ში ისვენებს. შეიძლება გაგება - აგვისტოში თბილისში განსაკუთრებულად ცხელა. და კიდევ უფრო ცხელა, როცა საკუთარი პარტიის წევრები დავალიანების დაფარვას ჯერ ისევ გთხოვენ. საინტერესოა, როცა პოლიტიკაში მიდიხარ და არჩევანს ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებასა და საკუთარი პარტიის წევრებისთვის ხელფასების დარიგებას შორის პირველის სასარგებლოდ აკეთებ, ამას ავანტიურა არ ჰქვია? შეიძლება, სხვამ უარესი შეფასებაც გააკეთოს.
სასტუმრო Schlosshotel Münchhausen კი მართლაც ზღაპრულია. თუმცა, როგორც ყველა ზღაპარი დედამიწაზე, საოცრად ძვირიც. ერთი დღე აქ გაჩერება 700 ევროდან 1100 ევრომდე ჯდება. აქ ყველაფერია თქვენი სრული ბედნიერებისთვის.
სასტუმრო მე-16 საუკუნის ციხესიმაგრეა, რომელსაც გარს ტყის მასივი აკრავს. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. აქვს გოლფის მოედანი, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, სპა ცენტრი, თერმული წყლები, თურქული აბანო, ძვირადღირებული ბარები... მოკლედ, ეს დიდი ფუფუნებაა.
ასეთი არჩევანი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ... თუმცა, პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის" დაარქვა. დამაფიქრებელია...
პარტიაში ამბობენ, რომ ის ევროპაში საქმეებზე გაემგზავრა. როგორც ჩანს, არის ხალხი, ვისთვისაც ასეთ ფუფუნებაში დასვენებაც „საქმეა". ბურჭულაძე არა მხოლოდ ჯამაგირს არ უხდის საკუთარი პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს, არამედ გამოდის, ატყუებს კიდეც მათ.
ესეც პაატა ბურჭულაძის არჩევანია. როცა ასეთ ზღაპარში მოიწყობ დასვენებას, პარტიაში კი სერიოზული კრიზისი გაქვს, არჩევანს, როგორც ჩანს, ტყუილის სასარგებლოდ აკეთებ, სიმართლეს ხომ ვერ იტყვი..." - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".