საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. მისივე ინფორმაციით მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილია 6%-ით.
რაც შეეხება ინფლაციას, მომხსენებლის განმარტებით, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, ხოლო წელს ინფლაციის მაჩვენებელი წარმოდგენილია 9.1%-ით.
2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 326.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 25.7 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 10 084.4 მლნ აშშ დოლარს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილმა 21.1 %-ს შეადგინა. თურქეთის - 15.0 %; რუსეთის - 11.4 %; ჩინეთის - 10.3 %; აზერბაიჯანის - 7.9 %.
მთავრობის წარმომადგენელმა ტურიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს სექტორი პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა თუმცა, საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით იყო მნიშვნელოვანი ზრდა და ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავლებმა 1 245 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 129.89 %-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 24 %-ით გაიზარდა და 2 032.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 101.6 პროცენტით და შეადგინა 1 152.8 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო 14 928 250.0 ათასი ლარის მობილიზება, ფაქტობრივად კი, მობილიზებული იქნა 15 142 672.8 ათასი ლარი. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს, განსაზღვრული იყო 13 271 250.0 ათასი ლარი, ხოლო მობილიზებულ იქნა 13 379 960.6 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 457 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 494 447.1 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებიდან მიღებულია 1 268 265.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.7%.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, მიღებულია 12 750 272.7 ათასი ლარი; გადასახადებში მობილიზებული იქნა 11 439 488.6 ათასი ლარი; გრანტებში 487 106.9 ათასი ლარი; სხვა შემოსავლების სახით კი მიღებულია 823 677.1 ათასი ლარი. რაც შეეხება, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მომხსენებლის ინფორმაციით, ის გასულ წელს 1მლრ 411 მლნ-ით გაიზარდა.
მთავრობის წარმომადგენელმა უწყებების მიხედვით გაწეულ ხარჯებზე და შესრულებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 169 მლნ ლარზე მეტი, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 98,8% იყო.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ მხარი დაუჭირეს. ანგარიშის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შედგება, რომლის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.