logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „აბა ომი გინდათ“ თემით ნუ ქილიკობენ! იქნებ ხალხს აუხსნან, რა იყო 2008 წლის ომის შეწყვეტის რეალური მიზეზი?! ეომათ ბოლომდე!
- +

6 ივნისი. 2022. 22:30

 

 

„ჩვენ ხომ მათხოვრები არა ვართ! თუ ვთანხმდებით, რომ ვართ საერთო იდეების, ღირებულებების, ფასეულობების მატარებლები, თუ ერთად ვართ ყველაფერში, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო და ანტიტერორისტულ მისიებში, შესაბამისად, ევროკავშირის კარის ჩაკეტვა, რაიმე მიზეზის გამო, ჩვენთვის, თუნდაც ამ სიმბოლური სტატუსის არმონიჭებით, იქნება ძალიან მცდარი და უსამართლო ნაბიჯი“, – ამის შესახებ საქართველოს თადარიგის გენერალმა, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ reportiori.ge-სთან განაცხადა და ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ვრცლად ისაუბრა.  მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რას ნიშნავს და რა ვალდებულებების წინაშე აყენებს ეს სტატუსი ქვეყანას, რა მიზეზით შეწყვიტა 2008 წლის ომი 5 დღეში სააკაშვილის მთავრობამ, - ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ამირან სალუქვაძე:

- ევროპაში არიან ევროსკეპტრიკოსებიც, რაც ნიშნავს, რომ ისინი გაფართოების მიმართ არიან სკეპტიკურად განწყობილნი. აქედან გამომდინარე, ვიღაც იქნება წინააღმდეგი, ვიღაც - მომხრე, - ეს ერთი. მეორე, - ასოცირებულ ტრიოს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, არ მოუგონიათ ამ კავშირში გაწევრიანება, გაფართოება თვითონ ევროკავშირის ინიციატივა იყო. ევროკავშირი იყო ამ საკითხის მომხრე და წლების განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი თანამშრომლობა.

 

რაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, იქიდან მოყოლებული, ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად ავიღეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვასრულებთ. 140-ზე მეტი რეგულაცია, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა, გეგმა გაწერილია შეთანხმების შესაბამისად, წლების განმავლობაში და ეს ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმებს, რეგულაციებს, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირთან თავსებადი, როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკის, აგრარული სფეროს და ბუნების დაცვის მიმართულებებით. როცა საკითხი ხელახლა წამოიწია, გახდა ცნობილი, რომ 40-45 პროცენტი უკვე შეგვისრულებია, იმ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან.

 

ისევ სოფლის მეურნეობის მაგალითზე, სხვა მიმართულებები არ მომიძიებია, 140-ზე მეტი რეგულაცია არ არის მარტივი საკითხი, ამას დამუშავება სჭირდება, შემდეგ - საკანონმდებლო პროცედურები და ამის შემდეგ იწყება უკვე დანერგვა ქვეყანაში. შესაბამისად, რეგულაციები რეგულაციებისთვის არ არის, ძალიან შრომატევადი პროცესია და ის 50-60 პროცენტიც რომ განვახორიელოთ, წლებია საჭირო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროპა წინ მიდის, ბევრი რამ იცვლება და დამატებითი მოთხოვნები ჩნდება. რადგან პროცესი დროში გაწელილია, მოსახლეობა, გარკვეულწილად, იმედგაცრუებული რჩება, ისე, როგორც „ნატოსთან“ მიმართებაში.

 

მოსწონს ოპოზიციას თუ არა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გააფორმა ეს შეთანხმება, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა 40-45 პროცენტი, გააფორმა უვიზო მიმოსვლა, გააფორმა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება და უამრავი სხვა. დღევანდელმა ხელისუფლებამ განაცხადა არჩევნების წინ, რომ 2024 წელს უკვე იქნება ვალდებულებების 60-70 პროცენტი შესრულებული და შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ყველა შეფასებით საქართველო იყო ლიდერი.

 

- მიუხედავად ამისა, უკრაინას ალბათ, კანდიდატობის მეტი შანსი აქვს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე...

-  იმ მძიმე ვითარებაში, რაშიც უკრაინა აღმოჩნდა, უნდათ, წაახალისონ ისინი და კანდიდატობის მინიჭებით დაანახონ, რომ ევროპა მათ გვერდითაა. კანდიდატობის მინიჭება იქნება იმის მაჩვენებელი უკრაინისთვის, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ მშვიდობა დამყარდება, დაგეხმარებით ფინანსურად, სამართლებრივად და ყველა მიმართულებით. ამ კუთხითაა წახალისება, რომ გული არ აიცრუოს უკრაინელმა ხალხმა, მაგრამ რა დააშავა ასოცირების ტრიოს სხვა ქვეყნებმა? - მოლდოვამ, რომელმაც ასევე გადაიტანა სამხედრო დაპირისპირება 90-იან წლებში, რატომ ავიწყდებათ? საქართველოზეც ადრე მხოლოდ 2008 წლის ომს ახსენებდნენ. ახლა ხელისუფლება ახსენებს 90-იან წლებში გადატანილ უმძიმეს ომებს.. ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ! სამ ომთან ერთად, მეოთხე ომის ტოლფასია ჩვენი მონაწილეობა ყველა საერთაშორისო მისიაში, დაწყებული კოსოვოდან. კოსოვოს მოჰყვა ერაყი, სადაც 500-მდე ქართველი იცავდა მშვიდობას, ბატალიონამდე გაიზარდა ჩვენი კონტიგენტი. ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ვიყავით წარმოდგენილი. და ყველაზე მასშტაბური, ავღანეთის მისია, რომელშიც ჩვენგან 2000-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ჯამში გამოდის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, მთელი 30 წლის განმავლობაში, თითქმის 100 პროცენტით იყო ჩართული ანტიტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციებში, სადაც ათობით დაღუპული და უამრავი ფიზიკურად დასახიჩრებული გვყავს, ცალკე თემაა ფსიქოლოგიური ტრავმები...  ასეთი დიდი კონტინგენტი, რომ ავიღოთ მოსახლეობასთან თანაფარდობაში, ევროპის დიდ ქვეყნებს არ ჰყოლიათ და ზოგი საერთოდ სიმბოლურად იყო წარმოდგენილი, საინჟინრო ან სამედიცინო ოცეულების სახით. ერაყსა და ავღანეთში, როტაციის მეთოდით, მთლიანი თავდაცვის ძალები იყო ჩართული. ამიტომ, ფაქტობრივად, ჩვენ ოთხი ომი გამოვიარეთ. არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე მეტი გავიღეთ, მაგრამ დღეს უკრაიანა იწვის, მანამდე კი საქართველო იყო ალმოდებული, მთელი 30 წელი, მუდმივად ვიყავით და ახლაც ვართ ამ ხანძრის განახლების საფრთხის ქვეშ. გავიხსენოთ უკრაინის ომის წინ, მუქარები რუსეთის მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მისამართით, „ნატოსკენ“ ლტოლვის გამო. ანუ ჩვენ, უკრაინის ომის დაწყებამდეც, თანაბრად ვიყავით საფრთხის ქვეშ.

 

- წახალისება არც ჩვენ გვაწყენდა, მით უფრო, რომ როგორც ახსენეთ, გამუდმებით ვართ ომის საფრთხის წინაშე და დღესაც დგას რუსის ჯარი ჩვენს ტერიტორიებზე...

 

- როცა წახალისებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ მკაფიო გზავნილები უნდა გაკეთდეს ევროპის მხრიდან. „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული ევროპარლამენტარები მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა დღევანდელ ლიდერებზე არ გადის ჩვენთვის ღირებულებები, ლიდერები მოდიან და მიდიან, ჩვენ კი ჩვენს გზას განვაგრძობთ აუცილებლად, რადგან უკეთესი არჩევანი არ გვაქვს. „თუ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, არც გვინდა“,  - ასეთ კომენტარებსაც ვკითხულობ სოციალურ ქსელში იმედგაცრუებული ხალხისგან და ვერაფერს იტყვი, თავმოყვარეობის ამბავია, ჩვენ ხომ მათხოვრები არა ვართ! თუ ვთანხმდებით, რომ ვართ ერთი იდეების, საერთო ღირებულებების, ფასეულობების მატარებლები, თუ ერთად ვიბრძვით ტერორიზმის, სხვადასხვა გამოწვევების, დანაშაულების წინააღმდეგ, თუ ერთად ვართ ყველაფერში, შესაბამისად, ევროკავშირის კარის ჩაკეტვა, რაიმე მიზეზის გამო, ჩვენთვის, თუნდაც ამ სიმბოლური სტატუსის არმონიჭებით, იქნება ძალიან მცდარი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის აგრრსიული საგარეო პოლიტიკის ხელშემწყობი, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს და იმ ხალხის წისქვილზე, - რომლებიც ქვეყნის შიგნით ემხრობიან ჩრდილოეთის ვექტორს. ამით კიდევ უფრო გაძლიერდება პოლარიზაცია ქვეყანაში, რასაც თითქოს ვებრძვით, მაგრამ სინამდვილეში ცეცხლზე ნავთს ვასხამთ.

 

-ბატონო ამირან, უკვე არაერთხელ გაჟღერდა „ნაცმოძრაობის“ მეგობარი ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, მისი ხელისუფლება კი არა. ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს, რომ წინასწარვე უარისთვის ვიყოთ მზად?

 

- არ შეიძლება იმ განცხადებების გაკეთება, რასაც ევროპატრლამენტარები და აქედან ჩასული ოპოზიციონერები აკეთებენ, რომ თითქოს კანდიდატობას იმსახურებს ქართველი ხალხი, მაგრამ ხელისუფლებას არაო. ე.ი. დღემდე არ ეშლებოდა, დღემდე ასოცირების ხელშეკრულებას მივყვებით, მთელი რიგი შეთანხმებები იქნა შესრულებული და დღეს, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს, ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამით პირდაპირ და ღიად მოგვიწოდებენ რევოლუციისკენ, ეს არის ჩვენს საქმეებში არამხოლოდ ძალიან უხეში ჩარევა და ბოროტება, ეს არის ევროპული კურსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, ევროსკეპტიციზმის გაღვივება და პირდაპირ ისაა, რაც სჭირდება რუსეთს! მე უკვე აღარ ვიცი, რომელ ქვეყანაზე მუშაობენ და რომელ გაერთიანებაზე ესენი. ასეთი განცხადებები ნამდვილად არ შედის ევროპის ინტერესებში!

 

ყოველი მე-2 ქართველი 10 წელია ხმას აძლევს ამ ხელისუფლებას, ბათუმის არჩევნებზე 10-დან 7-მა, ანუ იმ უბნებმაც, რომლებსაც ადრე აგებდა, ელექტრონული მეთოდით, ამ ხელისუფლებას მისცა ხმა.

 

 

ჰოდა, ჩამოყალიბდნენ, რა ლოგიკაა მათ "სიბრძნეში", თუ ხალხი ამ ხელისუფლებას ირჩევს, ვისი ნებართვით და ვისი მანდატით ამბობენ საპირისპიროს, რას იმსახურებს ეს მთავრობა, ან ეს ხალხი?!

 

 

ხალხმა აირჩია უმრავლესობა, რომელმაც შეიტანა განაცხადი, რაზეც აქვთ ხალხის მანდატი.

კიდევ ერთი სისულელე თქვეს: ეს მთავრობა არ იმსახურებსო, ევროპული გზა ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანიაო. მერედა, ვინ შეიტანა კონსტიტუციაში ეს არჩევანი, „ნაცმოძრაობამ“, თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ?

 

 

ნუთუ ენმ-ის მოკავშირე „ევროდეპები“ ვერ აცნობიერებენ, რომ მსგავსი განცხადებებით მოსახლეობის არჩევანს აყენებენ შეურაცხყოფას?!

 

 

- და მაინც, კონკრეტულად რას მოგვცემს კანდიდატის სტატუსი, არსებულ სიტუაციაში?

 

- მხოლოდ მორალურ სტიმულს და წახალისებას ევროპის მხრიდან, რომ მთელი ეს განვლილი 8 წელი, რაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, სწორად გავიარეთ. ეს კი გვახალისებს, განვაგრძოთ შემდგომი ეტაპები. ეს სტატუსი საქართველოს აძლევს სტიმულს, რომ აღებული ვალდებულებები მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ევროკავშირისთვის მეტი ბერკეტია, ვიდრე ჩვენთვის, რადგან სტატუსის მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს.

 

სტატუსის მონიჭებაზე უარის დასაბუთება რთული იქნება. გამოვა, რომ რეფორმების გატარება და 40-45 პროცენტის შესრულება არ ყოფილა მთავარი. თუ არ მოგვანიჭებენ და არ ახსნიან, ეს უფრო მეტად გაუგებარი იქნება.

 

- კულუარებში საუბრობენ და ისეც აღარ მალავენ, რომ ასოცირების ტრიოდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, მხოლოდ უკრაინამ მიიღოს...

 

- თუ უნდათ, რომ მხოლოდ უკრაინა წაახალისონ ომის გამო, კი ბატონო, მისცენ მარტო უკრაინას სტატუსი! უბრალოდ, ეს უნდა განაცხადონ. რევოლუციური მუხტის შექმნას კი არ უნდა შეეცადონ, ქვეყნის შიდა მტრებთან ერთად, მავნებლური განცხადებებით.

 

უარის თქმით საპროტესტო მუხტის აწევა, 2014 წლის მსგავსად, არ გამოვა. ავიწყდება ბევრს რა მოხდა მაშინ.

 

იანუკოვიჩმა, როდესაც ასოცირების შეთანხმება შეაჩერა, ორი რამ მოიმიზეზა. ერთი მიზეზი იყო ის რეგულაციები, რომელიც უნდა შეესრულებინა უკრაინას, რაც იანუკოვიჩის შეფასებით, მძიმედ დააწვებოდა ქვეყნის ეკონომიკას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ჩააყენებდა არაკონკურენტუნარიან პირობებში დასავლეთთან. მეორე მიზეზი იყო ეკონომიკური პრობლემები უკრაინაში და იანუკოვიჩის მოთხოვნა სესხთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი. ევროპამ შესთავაზა უკრაინას, რომ ერთ მილიარდამდე სესხს გამოუყოფდა, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, უკრაინა კი ითხოვდა გაცილებით მეტს. ამ სიტუაციით ისარგებლა პუტინმა, რომელმაც მყისიერად გამოუყო იანუკოვიჩს სესხი 15 მილიარდის ოდენობით, პლუს 5 მილიარდი, კიდევ სხვა პროგრამით, ჯამში 20 მლრდ დოლარი. აქედან 3 მლრდ გადაურიცხა. ამის შემდეგ იანუკოვიჩმა შეაჩერა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

 

ამ სიტუაციისგან განსხვავებით, ჩვენი ხელისუფლება ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, არც ეკონომიკაა დეფოლტის წინაშე, როგორიც უკრაინას ჰქონდა 2014  წელს. უფლის წყალობით და სწორი ნაბიჯებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ვალუტაც დასტაბილურდა, ეკონომიკის ზრდა სამნიშნა ნიშნულზეა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირს არ ვთხოვთ მილიარდებს, წევრობის სანაცვლოდ. შეიძლება რაღაც სესხებს ვიღებთ, მაგრამ ეს არ უკავშირდება ევროკავშირის წევრობას, - როგორც იანუკოვიჩმა „ივაჭრა“.

 

მოკლედ, ჩვენთან სხვა რეალობაა, ვიდრე უკრაინაში იყო 2014 წელს, როცა კურსის ცვლილებას, პროტესტი და ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება კურსს არ ცვლის.

 

მოვისმინეთ ყველამ რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროსტრუქტურებში, როგორ ლანძღავდნენ მმართველ პარტიას, მის დამფუძნებელს. ასეთი ინტენსივობით, მსგავსი აქტივობები, ნამდვილად არ იყო გამიზნული ქვეყნისთვის სიკეთის მოსატანად.

 

კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც დაინტერესებულიყვნენ მათი მეგობარი ევროპარლამენტარები, როგორ, რა საშუალებით გახდნენ ულტრამილიონრები და მილიარდერები, 2003 წელს, დახეული ბოტასებით მოსული აქტივისტები. ერთხელ მაინც ამოეღოთ ხმა იმ პერიოდში, როცა მათი „მეგობრები“ მასობრივად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ხელყოფდნენ კერძო საკუთრებას, აწამებდნენ და კლავდნენ...

 

- ბატონო ამირან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ოპოზიცია და მათთან დაახლოებული უკრაინის მთავრობის ნაწილი, მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებს, გვამუნათებს და გვაქილიკებს სიტყვებით: „აბა ომი გინდათ?“ - ნამდვილად არ გვინდა ომი, უნდა გვინდოდეს? ან ჩვენი ომი გადაარჩენს ვითომ უკრაინას?! ძალიან უსამართლო არ არის ეს ბრალდება? 

- ახლა მე ვეკითხები მათ, რატომ შეწყვიტეს ომი 2008 წელს 3 დღეში?! - ეომათ! მაშინ ხომ რუსეთი ნაკლებად თავზეხელაღებული და გაცილებით სუსტი იყო? რა შედარებაა, როცა დღეს უკვე რუსეთი ღიად იმუქრება ბირთვული იარაღით. მე კი მაქვს ამაზე პასუხი, რატომაც შეწყვიტეს ომი, რატომ მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტას, რა მოხდა? თუ 2008 წელს 5 დღეში დაასრულეს ომი, დღეს რატომ არიან საომარ განწყობაზე?! მაშინ გვეომა ბოლომდე! კითხვა რიტორიკულია, რადგან მათი მხრიდან გონივრული პასუხის იმედი არ მაქვს.

 

დღეს ქილიკობენ, "აბა ომი გინდათ" გამონათქვამით. მთელი ორკესტრირებული შეტევა იყო, კარგია მშვიდობა, მაგრამ რის საფასურადო?! ანუ, თუ დღეს თავზეხელაღებულ რუსეთს ომს არ უცხადებ, მშიშარა ხარ და თუ 2008 წელს ჩვენს მიწაზე შემოსულ აგრესორთან ცეცხლის შეწყვეტაზე ხელს აწერ,  - მამაცი. ესაა ყოფილი ხელისუფლების ლოგიკა.

 

ნონა ქარქაშაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner