logo_geo
eng_logo
გიორგი ხაინდრავა: დღევანდელი საქართველო არის მაგალითი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა
- +

9 ივნისი. 2022. 22:04

 

 

ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია და, შევსებული კითხვარის საფუძველზე, 24-25 ივნისის სამიტზე კონკრეტულ შედეგს ელოდება. მიიღებს თუ არა საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სწორედ ამ დღეს უნდა გადაწყდეს. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ დგება დრო, ევროპელმა პარტნიორებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ, მათივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვს კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას, რომელიც ამ ყველაფერს „პოლიტიკურ შაპიტოს“ უწოდებს, ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს კი, - უპრინციპოსა და არასერიოზულს. მისი თქმით, ბირთვული ომის საფრთხემ პოლიტიკური ელიტის სრული დეგრადაცია გამოიწვია და ამ რთულ პერიოდში, სწორედ საქართველოა მაგალითი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა.

 

გიორგი ხაინდრავა:

- ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის გაკერპება, რისი მოწმენიც ვართ ამჟამად, არის თვალთმაქცობა და იმის მაჩვენებელი, თუ როგორი დეგრადირებულია პოლიტიკური აზრი ევროპასა და მსოფლიოში. 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ ყველანი ახალ და ძალიან საშიშ მსოფლიოში აღმოვჩნდით. ამ დღის მერე ბევრი რამ ჩაბარდა ისტორიას, წარსულს, მათ შორის ქვეყნების პრეზიდენტები, მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, ელჩები... არა, ნომინალურად კი რჩებიან, ჯერ-ჯერობით თავის პოსტებზე და ოფისებში, თუმცა, - გუშინდელ დღეში. ყველამ იცის, რომ ეს „კანდიდატობა“ ფიქციაა და კონკრეტულად არაფერს ნიშნავს. აგერ თურქეთი, ნატოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სამხედრო პოტენციალით და ავტორიტეტით, უკვე 30 წელია კანდიდატია და რა?

 

ჩვენ ხომ დღემდე, ევროპული პოლიტიკის პერიფერია ვიყავით. ვისაც, რაც უნდოდა, იმას გვაკადრებდა. ჩვენი „პოლიტიკური ჭაობი“ კი აღფრთოვანებით ხვდებოდა ამ ღირსების შემლახავ განცხადებებს და ტაშფანდურით იმეორებდა პარტიულ „მედიასაროსკიპოებში“!  და ეს მაშინ, როდესაც ქართველი ერის გენი, სულიერება, კულტურა, აზროვნება... არასდროს ევროპის პერიფერია არ ყოფილა, პირიქით დრო იყო, ევროპა იყო პერიფერია. ამიტომ ეს ატეხილი ვაი-ვიში, გამიშვი-გამატარე, შეგიშვებთ-არ შეგიშვებთ, შეგვიყვანენ-არ შეგვიყვანენ, გავხდებით თუ არ გავხდებით - წევრობის „კანდიდატი“... ღიმილის მომგვრელი და ცოტა შეურაცხმყოფელიც არის.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოლანდიის პრემიერი, ცალკეული ევროდეპუტატები, ღიად აცხადებენ, და ყველგან, ევროსტრუქტურების დერეფნებში საუბრობენ, რომ არავინ აპირებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსს მისცემას. პრეზიდენტი მაკრონი ახალ სტრუქტურაზეც კი ალაპარაკდა. თვითონ ევროკავშირი როგორ გააგრძელებს არსებობას, ესეც საკითხავია, თუ გავითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობებს, რაც მის შიგნითაა. აღარაფერს ვიტყვი იმ აბსოლუტურად უპრინციპო და არასერიოზულ განცხადებებზე, რაც მათი ლიდერებისგან გვესმის. როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ თურმე ევროპა თუ შეწყვეტს ნავთობის შესყიდვას რუსეთისგან, ნავთობის ფასი მოიმატებს და პუტინი იხეირებს... როდესაც ამ დონეზეა  პოლემიკა, მკაფიოდ ჩანს პოლიტიკური აზრის  დეგრადაცია და ეს იმ დროს, როდესაც სახეზეა ბირთვული ომის საფრთხე. მსოფლიო პოლიტიკური ელიტა დიდი გამჭრიახობით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხემ  სულ წაართვა რეალური განსჯის უნარი პოლიტიკოსებს.

 

ის, რაც ეხლა პოლიტიკურ არენაზე ხდება, უფრო პოლიტიკური შაპიტოს ჰგავს. ამდენი სამიტი,  „სხდომიტი“, „დგომითი“ თუ „ჯდომითი“... უკრაინის ირგვლივ კი, - შემზარავი რეალობა. ანგრევს, ანადგურებს და ბუგავს აგრესორი შუაგულ ევროპაში, ევროპის უდიდეს ქვეყანას, ბარბაროსულად იხოცება ამდენი ხალხი, პირწმინდად აღიგვება პირისაგან მიწისა ქალაქები, დაბები და სოფლები და რა? - ხოცვა-ჟლეტის ყოველდღიური სტატისტიკა, სიცრუე, „ფეიკები“ და გამალებული, დუჟმორეული შეიარაღება... გეგონება, იარაღით მყარდება მშვიდობა!

 

- არადა მომავალ სამიტზე მთელ იმედებს ამყარებს ჩვენი ხელისუფლება. თუ ევროკავშირსაც ვეღარ ვენდობით, სადაა ამ პატარა ქვეყნის ხსნა, თქვენი აზრით?!

 

- უნდა განვაგრძოთ ის გზა, რომელსაც შევუდექით! პირველად ჩემს მეხსიერებაში, საქართველომ გაბედა და განაცხადა, საჯაროდ, რომ ამ ქვეყანას აქვს თავისი კონსტიტუცია, სამართალი, კანონები, სახელმწიფო ინტერესები, თავისი პოლიტიკური ხედვა და ის, ზოგ შემთხვევაში, განსხვავებულია მსოფლიოს გლობალური მოთამაშეების, სახელმწიფოების ხედვისგან. მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს, ასე მიგვაჩნია მართებულად, ასე ვაკეთებთ და მომავალშიც ასე მოვიქცევით!  ეს ძალიან დიდი წინსვლაა. დღეს თუ შეიძლება მსოფლიოში რომელიმე ქვეყნის განვითარებაზე და თვითმყოფად ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი, ეს საქართველოა. დღევანდელი საქართველო არის მაგალითი, ჩემი აზრით, მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილია. ასეთი მტკიცე პოზიცია ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღადგინა. მსოფლიოში პატივს მხოლოდ მათ სცემენ, ვინც, პირველ რიგში, საკუთარ ხალხს და თავს სცემს პატივს. მხოლოდ იმ მთავრობას აღიარებენ და უსმენენ, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავს და ითვალისწინებს. დღეს ჩვენ ამ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ქვეყნად და ლიდერად, არამხოლოდ რეიტინგებში, არამედ, რეალურ პოლიტიკაში. დღეს უკვე, ასეთი ცოტაა მსოფლიოში და მე მინდა, ეს მთელ ქართულ საზოგადოებას მივულოცო. ვულოცავ საკუთარ თავსაც, რადგან მოვესწარი, ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომლის მთავრობაც პირნათელია საკუთარი ხალხის წინაშე, თავის გადაწყვეტილებებში! უნდა გვეამაყებოდეს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთ რთულ მსოფლიოში, საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც, თქვა თავისი სიტყვა დამოუკიდებლად და მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება დღეს, როგორც არასდროს, არის გაერთიანებული ამ პოზიციის გარშემო...

 

ჩვენ, გვაქვს ევროკავშირთან შეთანხმებული კონკრეტული დოკუმენტი, ასოცირების ხელშეკრულება, სადაც შავით თეთრზეა გაწერილი, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ კავშირის წევრი გავხდეთ და ამას ნაბი-ნაბიჯ აკეთებს ჩვენი ქვეყანა. ეხლა კანდიდატობა მოიგონეს. უკვე სასაცილოც აღარ არის, რეალურ პოლიტიკას ვერ მართავენ. ვერ აკავებენ აგრესორს, რომელიც მთელ ევროპას ემუქრება და როგორც ჩანს, უკვე უკრაინის ბედიც, დიდად აღარავის აღელვებს. მგონი, უკრაინის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩვენ დავრჩით. უკრაინის მთავრობაც კი არ არის საკუთარ ხალხზე ისეთი მზრუნველი, როგორიც საქართველოა.

 

- უკრაინის დიდი გულშემატკივრები ვართ, მაგრამ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პოლიტიკოსები კიდევ მეტს მოითხოვენ ჩვენგან, მოგვიწოდებენ, უკრაინის „გადასარჩენად“ გავხსნათ მეორე ფრონტი და დავუწესოთ რუსეთს გარკვეული სანქციები...

 

- სანქციების და ომის თემა, დავუტოვოთ როენა მამიდას, ნოდარიკო დეიდას, სანაიას, თარგამაძეს, ჭუტიკას და კეზერას „შნირებს“. ჭიჭე ვაშაძეს, უსუფაშვილს, სამადაშვილს... ეს აბსოლუტურად არასერიოზული საკითხია, პოლიტიკური შაპიტოს ჟანრიდან...

 

„ნაცმოძრაობა“ და მისი გარემოცვა წამლავს ჰაერს საქართველოში და მათი არსებობა უშლის ხელს პოლიტიკურ ცხოვრებას, ნორმალურ ადამიანებს და არამხოლოდ საქართველოში, სადაც ხელი მიუწვდება, ყველგან თესავს პოლიტიკურ კორუფციას და თაღლითობას. ამის მაგალითი ევროპის სახალხო პარტიაა, რომელიც რომელ ხალხს წარმოადგენს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რადგან ევროპა სხვადასხვა ხალხებისგან შედგება, და როგორ ახერხებენ თითოეულ მათგანზე ზრუნვას, ცოტა ბუნდოვანია. თუ ისე „ზრუნავენ“, როგორც  ქართველ ხალხზე, დიდი დღე არა მგონია, ეწეროთ. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს რომ ასაჯაროვებ კონგრესზე, ეს თავისთავად მეტყველებს დეგრადაციაზე, რაც პოლიტიკას სჭირს. ამის სხვანაირად გაგება შეუძლებელია. აი ეს არის გუშინდელ დღეში დარჩენილი პოლიტიკოსების თავყრილობა. ამის ნათელი მაგალითია ევროპის სახალხო პარტია, კუბილიუსი და „ნაციონალებთან“ დაახლოებული სხვა ევროპარლამენტარები, რომლებიც აბსოლუტურად შეუწყნარებელ, გაუგებარ, ყოვლად მიუღებელ განცხადებებს აკეთებენ. არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად, არანაირი ფორმით ამის ახსნა არ შეიძლება. როდესაც საერთაშორისო დონის რეზოლუციებს იღებ და საერთაშორისო დონის გადაწყვეტილებეთან გაქვს საქმე, ეს პირველ რიგში უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურობასა და სიმართლეზე, უნდა იყოს აწონილი, გააზრებული ყოველი მხრიდან.

 

მე მახსოვს, რომ ამ პარტიის ლიდერი და 28 დეპუტატი კორუფციაში ამხილეს და ვფიქრობ, ახლაც პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე, რომელიც პარტიის ზედა ეშელონებში ბუდობს. სხვანაირად მათი განცხადებების ახსნა და გაგება შეუძლებელია. ამიტომ ზარ-ზეიმს და ფორიაქს „კანდიდატობასთან“ დაკავშირებით, სჯობს, საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით მივუდგეთ, რადგან არის თემები, რომლებიც ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს!

 

- ბატონო გოგა, უკვე რამდენიმე თვეა, ციხეში ზის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, იჩენს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება საკმარის ყურადღებას ამ „გამორჩეული პატიმრის“ მიმართ? 

 

- მიშა სააკაშვილის თაოსნობით ციხეში წამებით მოკლეს სერგო თეთრაძე - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ვაჟკაცი, პოლკოვნიკი, ომების ვეტერანი. აწამეს და დაასახიჩრეს სულხან მოლაშვილი. არაერთი ადამიანი დააინვალიდეს, სიცოცხლე გაუმწარეს უამრავ ახალგაზრდას. დღეს  სააკაშვილი არის „პრივილიგირებური პატიმარი“, რაც, ჩემი აზრით, დიდი უსამართლობაა. პატიმრებს შორის გამორჩეულობა დაუშვებელია და ეს უსამართლობის ტოლფასია. ციხეში ზოგს კუჭი აწუხებს, ზოგს - გული, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ზოგს ფსიქიკური, ნაშიმშილარი ხალხიც ბევრია მათ შორის. პირობები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას პენიტენციალურ სისტემაში, პატიმრებს შორის და ამ გარემოებამ შეიძლება მეტი  პრობლემა შეუქმნას  ხელისუფლებას, ვიდრე ის მიტინგები, რომელსაც  „ნაცსექტა“ კრებს. სექტები სხვაცაა საქართველოში, მაგალითად,  ნარიმანის, მას მეფეს ეძახიან თავისი სექტის წევრები, თუმცა ამის გამო, ის სასახლეში არავის გადაჰყავს!

 

სააკაშვილმა ძალიან მძიმე დანაშაულებები ჩაიდინა, ისე, როგორც გვარამიამ. ამ დუეტმა ბევრად მეტი ავნო ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რის გამოც არიან გასამართლებულები, შეუდარებლად მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. მართალია, როგორც ჩვენში ამბობენ, სამართალი ურმით დადის, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველას კარზე ჩამოდგება. წინაა ჯერ კიდევ სასამართლოები, რომელიც როგორც სააკაშვილის, ასევე გვარამიას უფრო დიდ დანაშაულებს დაადასტურებს. იმედი მაქვს, სამართლის ურემი იმ „ნაცდამნაშავეებთანაც“ მივა, ქართველი ხალხის სისხლის და უბედურების ფასად, რომ არიან გამდიდრებული - მაგალითად, კეზერაშვილი, ბარამიძე, ბოკერია, ადეიშვილი... არ შეიძლება, ასეთი დანაშაული დაუსჯელი დარჩეს.  ამ ფულს დღესაც იყენებს კეზერაშვილი იმისათვის, რომ მოწამლოს ქართველი საზოგადოება, არ მისცეს ქვეყანას სიმშვიდე და განვითარების საშუალებას. თუმცა, მჯერა, ამასაც დაძლევს ქართველი ხალხი. ახალი მსოფლიო ყალიბდება და ამ მსოფლიოში საქართველო თავისი შესაძლებლობებით, სიმტკიცით და სიმართლით აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პატარა, მაგრამ წამყვანი ქვეყანა.

 

 

ნონა ქარქაშაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner