logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა
- +

16 აგვისტო. 2016. 20:01


„პაატა ბურჭულაძე შესაძლოა, პოლიტიკაში სერიოზული სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს. მსოფლიო ბანს მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს.


„ის ფულს არა მხოლოდ კოორდინატორებსა და რიგით წევრებს ვერ უხდის, არამედ ოფისის ხარჯებსაც ვერ ფარავს. მეტიც, მას ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული ყრილობის ვალები არ გაუსტუმრებია. კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც ბურჭულაძეს ყრილობის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ფულის ჩარიცხვას დღემდე ამაოდ ელიან.

 

დიდი უკმაყოფილებაა პარტიაშიც. საქართველოს მასშტაბით კოორდინატორები და პარტიის რიგითი წევრები უკვე მეორე თვეა, ჯამაგირს ვერ იღებენ. უფულობის გამო პარტია „კარდაკარის" პროგრამას ვერ ატარებს. ექსპერტების თქმით, „კარდაკარზე" ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები. სწორედ მისი წყალობით ხდება ამომრჩევლის ჯერ იდენტიფიკაცია, შემდეგ მათი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მიყვანა", - წერს გამოცემა.


„NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ პარტიაში რაღაც ისე არ არის. ბოლო კვლევების მიხედვით, მას რეიტინგი, შეიძლება ითქვას, გაუნახევრდა. ორი ნიშნულიდან (12%) ის ერთ ნიშნულზე დავარდა. არჩევნების წინ მას მხოლოდ 6%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

არადა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მდიდრული ჟესტით შემოვიდა. საქართველოს მასშტაბით მან პარტიული ოფისებიც საკმაოდ ძვირად დაიქირავა. სხვა პარტიების ლიდერების ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის ოფისს პაატა თვეში 4 ათას ლარად ქირაობს, მაშინ როცა ზოგიერთი პარტია დაახლოებით ამდენივე თანხას მთლიანად ქვემო ქართლის პარტიული სტრუქტურის შენახვაში იხდის.

 

ექსპერტების შეფასებით, ეს ან უცოდინრობის ბრალია - პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა, ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა, რომელსაც „დიდი ფული ანდეს, მან კი ის არაკეთილსინდისიერად დახარჯა".

 

ეჭვი შევიტანოთ? ვერ იქნებოდა მსოფლიო დონის ბანი ავანტიურისტი? მის მიერ ქველმოქმედებისთვის დაფუძნებული ფონდ „იავნანას" ფინანსურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ავანტიურისტი უფროა. თავად განსაჯეთ, ქველმოქმედებაში ბურჭულაძე ხარჯავდა ფონდში გადარიცხული თანხების მხოლოდ 27%-ს. მოკლედ, ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ კითხვები არსებობს და „იავნანა" უარს ამბობს მონაცემების დაკონკრეტებაზე.

 

ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ იხარჯებოდა პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხები. ყოველ შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძე იმდენად ამაყად შემოიჭრა პოლიტიკაში, თითქოს, სულ მცირე, იმ აკვანში გაზრდილი ბიჭი იყოს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ბაზალეთის ტბის ძირას დაირწა. მისი ფანებისთვის კი პაატა ლამის წარმართთა ღმერთად იქცა, რომელიც წმიდათაწმიდაა და რომელსაც მხოლოდ მოწიწებით უნდა ესაუბრო", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner