„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ-ში ჰქონდა ადგილი“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული.
თსუ-ის სენატის წევრი სტუდენტები იმ სტუდენტებსა და გარეშე პირებს, რომლებიც, მათი თქმით, გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტები ვაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას თსუ-ში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებდით სტუდენტების რიგ მოთხოვნებს და მზად ვიყავით აქტიურად ჩავრთულიყავით ისეთი მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში, როგორიცაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა და სხვა საჭიროებები. თუმცა, გუშინდელი მოვლენების ფონზე, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ-ში ჰქონდა ადგილი. სტუდენტების ჯგუფმა და გარეშე პირებმა ფიზიკურად იძალადეს პროფესორებზე, თავს დაესხნენ დაცვის წევრებს, შეიჭრნენ რექტორატში.
გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენთვის, სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია სტუდენტების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები და მზად ვართ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის თემაზე დავიწყოთ აქტიურად როგორც თსუ-თან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა.
თუმცა მანამდე, გვინდა, მოვუწოდოთ სტუდენტებს და იმ გარეშე პირებს, რომლებიც გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.