“მე უკვე 1 თვეა ვაშინგტონში ვიმყოფები და ბუნებრივია, ჩემი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში მქონდა მრავალი შეხვედრა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე სენატში, სენატორებთან, კონგრესმენებთან,” - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არც ერთ ამ შეხვედრაზე ის პათოსი, რა პათოსზეც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ ყოფილა გაზიარებული და საერთოდ მსგავსი ტონით ჩვენ აქ, ამერიკაში არ გვესაუბრებიან, რაც ძალიან კარგია და ის, რომ ჩვენი მთვარი სტრატეგიული პარტნიორი აცნობიერებს გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას ასეთ მძიმე, კრიტიკულ დროს მთლიანად მსოფლიოში, მხედველობაში მაქვს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია. მე ვგრძნობ ამ შეხვედრებზე, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ახლა აუცილებლად მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეუქცევადს გახდის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ეს რომ ასეა, ძალიან კარგად დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ და მოისმინა იმ გზავნილებიდან, რომელიც აქედან საჯაროდ გაკეთდა. უახლოეს დღეებში კიდევ იგეგემება მაღალი დონის ვიზიტები. უკვე დააანონსებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კარენ დონფრიდის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.