პაატა სალია ნიკა გვარამიას: 5 000 000 აშშ დოლარის გადახდაზე თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
-
+
11 ივნისი. 2022. 23:55
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია, რამდენიმე მილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას ციხეში წერილს უგზავნის, სადაც განმარტავს, რატომ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა სოლიდური კომპენსაციის მიღების შესახებ.
“ბატონო ნიკა,
თქვენი, 2022 წლის 02 ივნისის განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ 2014 წლის 12 სექტემბრის სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის გადახდას, გაცნობებთ შემდეგს:
- ტელეკომპანიის არქივში არ იძებნება თქვენს მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულების დედანი. დოკუმენტის ასლიდან კი ჩანს, რომ ხელშეკრულებას, როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს (ხელშეკრულების ერთი მხარე), ასევე, გენერალური დირექტორის (ხელშეკრულების მეორე მხარე) სახელით აწერთ თქვენ. კომპანიის არქივში ასევე არ იძებნება ხელშეკრულებაში მითითებული პარტნიორთა კრების ოქმი და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების განმსაზღვრელი დოკუმენტი, როლითაც დადასტურდებოდა, რომ თქვენ იყავით მინდობილი პირი და ტელეკომპანიის იმდროინდელი მფლობელების მიერ გქონდათ თანხმობა, განგესაზღვრათ ხელშეკრულების პირობები და შესაბამისად მოგეწერათ ხელი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაზე.
- თუნდაც არსებობდეს ზემოაღნიშნული დოკუმენტები, თქვენს მოთხვნას მაინც არ ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის 02 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილები მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ბათილად ცნო რა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც მას იძულებით დაათმობინეს წილები. 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სასამართლოებში დავის განხილვისას რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გახდა. ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გაგათავისუფლათ დაკავებული თანამდებობიდან. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გიორგი და ლევან ყარამანიშვილები არ წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილებისა და ცალასახაა, რომ მათ მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება იურიდიული ძალის არ მქონეა. ამდენად, თუნდაც არსებობდეს მათი თანხმობა თქვენთან ხელშეკრულების დადებაზე, ეს ხელშეკრულება ვერ იქნება იურიდიული ძალის მატარებელი, ვინაიდან დადებულია იმ პირების მიერ, ვინც არამართლზომიერად ფლობდნენ კომპანიის წილებს.
- მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ხელშეკრულება ნამდვილია, მოგეხსენებათ, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის წილების ქიბარ ხალვაშის სახელზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციის მომენტისათვის კომპანიას ჰქონდა რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება, რომლის წარმოშობაშიც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი კომპანიის მენეჯმენტს ჰქონოდა. მოცემულ ეტაპზე არ დასრულებულა კომპანიის ფინანსური და საგადასახადო აუდიტი, რის შემდგომაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი დავალიანების წარმოშობის თაობაზე. მოცემულ ეტაპზე კი ცნობლია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინების საფუძველზე თქვენ დამნაშავედ გცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, რითაც ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. შესაბამისად, ხაზს ვუსვამთ, რომც განვიხილოთ თქვენს მიერ მითითებული ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, დასადგენია რამდენად მართებს კომპანის გადაიხადოს რაიმე კომენსაცია, მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დავალიანება არის წარმოშობილი ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, ჩვენი შეფასებით, კომპანიის მენეჯმენტის არაკეთილსიდისიერი მოქმედებების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, კომპანიის 100% მფლობელის და შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პოზიციაა, რომ არ არსებობს თქვენი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ის ვერ დაკმაყოფილდება,”- წერს პაატა სალია. რომლის წერილსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.