წელს საკონკურსო თემად შეირჩა „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით”. კონკურსის მიზანი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციისა და აქტუალური თემების ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეეძლოთ.
ნიკოლოზ ღვანიამ წერილით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სამინისტროს რჩეულს სერტიფიკატი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გადასცა.
„ყველაზე შედეგიანია, სწორედ მოზარდებთან დავიწყოთ გარემოსდაცვით თემებზე საუბარი და ვიზრუნოთ მათი ისეთ მოქალაქეებად აღზრდაზე, რომლებიც მოუფრთხილდებიან გარემოს. აღნიშნული კონკურსი, წლევანდელი თემით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ახალგაზრდების არაერთი საინტერესო მოსაზრების გაცნობა კლიმატის ცვლილების საკითხებზე. როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ყოველდღე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები მის შესაჩერებლად”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
„მსოფლიო საფოსტო კავშირი” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქ.რუსთავის #24 სკოლის ქართული გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლე ლილე ხორიაშვილი გახდა. მისი ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა.