პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საავტომობილო გზებზე არსებული ქაოსისა და მძღოლთა უპასუხისმგებლო საქციელების შესახებ წერს:
„სასწრაფოდ არის მისაღები უმკაცრესი ზომები მოძრაობის წესების დამრღვევთა მიმართ!
ას კილომეტრს ვერ გაივლი ისე, რომ ერთ-ორ მძიმე შემთხვევიდან გამოსვლა არ დაგჭირდეს. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, ხომ ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. ოდნავი შეფერხება გზაზე და მაშინვე გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც დროის მოგების მიზნით საპირისპირო მხარეზე გადადიან და ავარიის რისკით აგძელებენ სვლას, ხშირად სიჩქარის გადაჭარბებით.
ეს არ გახლავთ უნებლიე დარღვევა, რომელიც ყველა მძღოლს შეიძლება მოუვიდეს და რაც ჯარიმით უნდა დაისაჯოს. სიჩქარის გადაჭარბება და საპირისპირო ზოლზე გადასვლა წინასწარ განზრახვით ჩადენილი დანაშაულია, რაც, გარდა იმისა, რომ სხვისი უფლებების უხეშად დარღვევაა, ხშირად საფრთხეში აგდებს და იწირავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოროტი ხულიგნობა, რაც აუცილებლად მართვის მოწმობის ჩამორთმევით უნდა ისჯებოდეს, ვინაიდან ასეთი ავტოხულიგნები საფრთხეს უქმნიან ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს. თუ საჭიროა, ხელმოწერები შევაგროვოთ, თუ საჭიროა აქციები მოვაწყოთ, მთავარია ამ უმსგავსობას ბოლო მოეღოს."- აღნიშნავს მაღლაფერიძე.