თავისი ამბიციებით, სიტყვითა და საქმით, „ქართული ოცნება“ ყველაზე ევროპული ძალაა დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა. მან განმარტა, თუ რატომ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„საქართველო არის მოწინავე, ამიტომ ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ამ კუთხით შესრულებული გვაქვს. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური, თამამი გადაწყვეტილება, რომ ერთი მხრივ, გამოუგზავნოს სოლიდარობის სიგნალი ქართველ ხალხს და მეორე მხრივ, შესაბამისი სიგნალი გაუგზავნოს ყველას, ვისაც ჩვენს ქვეყანასათან მიმართებით არაკეთილმოსურნე განზრახვები აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, როგორ რეაგირებს, როდესაც ეუბნებიან, რომ იგი არ არის პროევროპული, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ასეთი შენიშვნები კომიკურია.
„კომიკურია ასეთი სახის შენიშვნები. არათუ მე, მთლიანად „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ასევე მოუტანა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, ამიტომ თავისი ამბიციებით, სიტყვითა და საქმით, „ქართული ოცნება“ ყველაზე ევროპული ძალაა დღეს საქართველოში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა