არაფერი ხდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ჩვეულებრივ სწავლა, სწავლება და კვლევა. ეს [პროტესტი] ეხება ჩვენი სტუდენტების მხოლოდ პატარა ჯგუფს, - ასე შეაფასა თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები. მან განმარტა რატომ არ შეხვდა აქციის დღეს სტუდენტებს, რომლებმაც მისი კაბინეტი დაიკავეს.
„ამ კონკრეტულ ჯგუფთან მე პირადად ორჯერ მქონდა შეხვედრა. ოცზე მეტი შეხვედრა გამართა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილემ, ჩემმა მოადგილემ, სასწავლო დეპარტამენტმა, დეკანები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. თუმცა შედეგი ვერ მივიღეთ. ვერ დამთავრდება ვერანაირი შეხვედრა შედეგით თუ არის ორიენტირებული დესტრუქციაზე და მხოლოდ იმაზე, რომ თუ მე ჩემი არ გავიტანე, არავითარ შემთხვევაში არანაირ მოლაპარაკებებზე არ მოვდივარ“, - აცხადებს შარვაშიძე.
მისივე თქმით, სტუდენტების მთავარი მიზანი გამოცდების გამარტივებაა, რადგან ონლაინ-რეჟიმში პროცესის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია.
სტუდენტების აქცია გრძელდება. უკვე მესამე დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს რექტორი, აშენდეს საერთო საცხოვრებელი, ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში და უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსური ხარჯები გამჭვირვალე გახდეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სტუდენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.