ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.
„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენ იყო განცხადება, რომელიც მან [პრეზიდენტმა] გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო.