ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ქართველი ხალხის დასანქცირებისტოლფასი იქნება. ამ თემაზე „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს. ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა - 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის განმგებლობაში. დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში, პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ანუ ეს ადამიანები ცდილობენ ხალხის სანქცირებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება შეჩერდება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მსურველები კი პირდაპირ მტრობენ ხალხს.
„აქედან ჩანს მათი საბოლოო ინტერესი. ისინი პირდაპირ მტრობენ ხალხს და ბოლოს ისევ მივდივართ ომამდე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თვალდახუჭულები წავიდნენ ომზე. მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან. ამას რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე. ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“, - აღნიშნა კობახიძემ.