logo_geo
eng_logo
კახა კვაშილავა: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარსულის პატივისცემითა და აწმყოში თავდაუზოგავი შრომით, წარმატებული მომავლისათვის იღვწიან
- +

13 ივნისი. 2022. 17:39

 

 

პროფესორი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოხუმის უნივერსიტეტში კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„დღეს, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University-ს თანამშრომელი, რომელიც დიდი ხანია აქ მუშაობს ან ჩვენი ყოფილი სტუდენტი უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსის ფოიეში შემოვა, გაუჭირდება იმის გახსენებაც კი, რომ უმაღლეს სასწავლებელში შემოსასვლელი ოდესღაც ისეთი იყო, როგორიც ქვედა ფოტოზეა გამოსახული. მართალია, დღევანდელი სასწავლო კორპუსის დანიშნულება იმთავითვე სასწავლო არ იყო. მაგრამ წლების მანძილზე, შემოსასვლელი სწორედ ამას მიგანიშნებდა: ეს საუნივერსიტეტო შენობა არაა.

 

დიზაინსაც, ინტერიერსაც განწყობის შექმნა შეუძლია. შეუძლია კი არა, სწორედ განგაწყობს. ჰოდა, ზემოხსენებული ინტერიერი საამისო გარემოს ნაკლებად უქმნიდა უნივერსიტეტში შემოსულ მასპინძელს თუ სტუმარს. სტუმარი, შემოსვლისას, კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა, უნივერსიტეტში შემოაბიჯა თუ არა.

 

ახალი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დადგა უნივერსიტეტის ფოიეს მოწყობა, სასწავლო აუდიტორიების  თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგება როგორც ავეჯის, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. გავუსწრებ მოვლენებს და დღეს რომელ აუდიტორიაშიც არ უნდა შეიხედოთ, იმ ძველ გაუბედურებულ ოთახებს ვერც კი მიამსგავსებთ. სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეული ონლაინ-სწავლების გამო სტუდენტთა დიდ ნაწილს ჯერ არც უნახავთ ის მშვენიერი გარემო, სადაც მათ მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლა მოუწევთ. სამიოდე თვეში ისინი ყველაფერს თავად იხილავენ.

 

ბატონმა რექტორმა, პირადი კონტაქტებისა და მეგობრობის საფუძველზე, ვინ არ მოიშველია. სია საკმაოდ ვრცელია. განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები ჩაერთნენ აქტიურად, რომ მათი სამშობლოს სახელიც დაფიქსირებულიყო იმ უნივერსიტეტის განახლების პროცესში, რომელსაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, უნივერსიტეტი, როგორც კონფლიქტის მსხვერპლი, თავად იქცა სამშვიდობო პროცესის ინიციატორად და ფლაგმანად არა მარტო აფხაზეთთან მიმართებაში, არამედ - სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. ძალიან მალე, უნივერსიტეტის კედლებში ერთმანეთს შეხვდებიან და საერთო პრობლემებზე ისაუბრებენ აზერბაიჯანელი და სომეხი მეცნიერები, რომლებსაც აგერ 30 წელზე მეტია, ერთმანეთისათვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. ვგულისხმობთ მეცნიერებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თორემ ჩვენს თანამოქალაქე აზერბაიჯანელებსა და სომხებს ერთმანეთში გასაყოფი და გასარკვევი არაფერი აქვთ.

შეიქმნა ისეთი ვითარებაც, რომ დიპლომატები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მშვენიერ და კომფორტულ აუდიტორიებს, კლასებს, დარბაზებს აჩუქებდა უნივერსიტეტს.

 

დავუბრუნდეთ ჩვენს განახლებულ და გამშვენებულ ფოიეს (ზედა 3 ფოტო). ადგილს, სადაც პირველად შემოაბიჯებს აბიტურიენტი და სტუმარი. შესაბამისად, მან იქვე უნდა შეიგრძნოს, სად მოვიდა, აქ ვინ დახვდებათ და რას მიიღებენ.

 

შემოსვლისთანავე თვალში გეცემათ ცნობილი საქართველოს რუკა, რომლის ერთ მხარეს საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშაა, მეორე მხარეს კი - ევროკავშირის. ორივე დროშებთან კი დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) ცნობილი ლექსი „ქართლ-კახეთი, იმერეთი...“ ქართულ და აფხაზურ ენებზე.

 

და ჩვენი უნივერსიტეტის სლოგანი: „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელიც ალუზიაა საქართველოს უდიდეს მეფეზე - დავით IV აღმაშენებელზე. სწორედ დავითის სახელმწიფოებრივი, საგანმანათლებლო პოლიტიკა იყო ჩვენი ქვეყნის წარმატების და მსოფლიო სახელის საფუძველი. სწორედ ჩვენთან მიღებული ცოდნა აბიტურიენტისათვის მისი ცხოვრების აღმაშენებელი უნდა იყოს, ხოლო თავად ახალგაზრდა კი - საქართველოს აღმაშენებელი.

 

მარცხენა მხარეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგის და მეორე დიდი ლიდერის, მერაბ კოსტავას გამონათქვამები შეგხვდებათ. იქვე, ქართულ და აფხაზურ ენებზე, წაიკითხავთ: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

 

წმიდა ილია მართალის ანდერძი კი უნივერსიტეტის ამოსავალი წერტილია: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

 

დიდი აკაკის სიტყვებით სტუმართ ვაუწყებთ, რომ ჩვენი „ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“.

 

ამ უნივერსიტეტისათვის კი „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.

 

აქ, მაღალხარისხოვან განათლებასთან, სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებთან, სამეცნიერო-კვლევით პროცესში პირველი სტუდენტური დღიდან ჩართვისთანავე, უცხოეთში გავლით პროგრამებში მონაწილეობასთან ერთად, აბიტურიენტიც და სტუმარიც იგრძნობს, რომ, ვაჟა-ფშაველას მსგავსად, ამ უნივერსიტეტში სამშობლოზე, მის ერთიანობაზე, მშვიდობაზე და სამშობლოს წარმატებულ განვითარებაზე ზრუნავენ და იღწვიან: „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! - მძინარეც იმას ვდუდუნებ“.

 

ამ გამშვენებული ფოიეთი ჩვნც იმდენად მოვიხიბლეთ, რომ სპონტანურად საკონფერენციო და საზეიმო შეხვედრების ადგილადაც ვაქციეთ და რაიმე ღონისძიება რომ იგეგმება, ამაზე თვალსაჩინო, თვალწარმტაცი და მშვენიერი ადგილი, პირადად, ჩემთვის სხვა არ არის.

 

თუმცა, მშვენიერი საკონფერენციო დარბაზების ნაკლებობა უნივერსიტეტს არ აქვს. ადრე მხოლოდ ერთი გვქონდა. ახლა ყოველ სართულზე და ყოველ ფაკულტეტს მისი აქვს და, შესაბამისად, რამდენიმე ღონისძიების ერთდროულად წარმართვას ხელს ვერაფერი შეუშლის.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფხაზეთმცოდნოების ფლაგმანი იყო იმთავითვე და აქ ლიდერობას არავის უთმობს. თუმცა, რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ახალი რეალობა დაუსახა უნივერსიტეტს, რომელშიც ასევე, ბატონი ზურაბის დიდი შრომის ფასად, ლიდერები ვართ. ეს საუნივერსიტეტო დიპლომატიაა - მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა. თავად ვარ მოწმე, არა ერთ ქვეყანაში, არა ერთი სახელოვანი მეცნიერი თუ პოლიტიკოსი სულგანაბული ისმენდა და ისმენს დიპლომატიის ამ ახალი სახეობის შესახებ. უნივერსიტეტში უკვე ამოქმედდა ახალი, უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ამ იდეას ეფუძნება. ამ პროგრამას ძალიან მალე „თანამოძმეები“ ეყოლება როგორც საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე - საზღვარგარეთაც.

 

ჩვენ მშვიდობის ხელს ვუწვდით ენგურსგაღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებსა და თანამოძმეებს. ჩვენ ერთად ცხოვრებისთვის ვართ განწირული, როგორც ბატონი ზურაბი აღნიშნავს.

 

მოკლედ, რომ ვთქვათ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეს არის თანამედროვე ქართული, ევროპული ტიპის, უმაღლესი სასწავლებელი, მისი განსაკუთრებულად გამორჩეული და მნიშვნელოვანი როლითა და მისიით. ის ამოზრდილია და ვითარდება ეროვნულ კულტურულ და საგანმანათლებლო ტრადიციებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარსულის პატივისცემითა და აწმყოში თავდაუზოგავი შრომით, წარმატებული მომავლისათვის იღვწიან.

 

აბიტურიენტო, გელოდებით, სექტემბერში ჩვენთან - #012 !

 

P.S. ჯერ არაფერი მითქვამს მეორე სასწავლო კორპუსზე. ისიც დღეს ის საოცრებაა, რომელიც რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სახელს უკავშირდება!“ - წერს კახა კვაშილავა .

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner