აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წლიანი ისტორია აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედითუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
„ძალიან ინფორმაციული შეხვედრა მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან. ვისაუბრეთ რეგიონულ განვითარებაზე. მიხარია, რომ ვხედავ კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ უმჯობესდება ეკონომიკა, რაც ტურისტების ნაკადზეც აისახება. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰაბი. ეს აჭარისთვის დიდ პერსპექტივას წარმოადგენს. ასევე ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, ამიტომაც ჩამოვედით აჭარაში. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარაში ჩვენს პარტნიორებს იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რაც მათთან გვაქვს 30 წლის მანძილზე. ვამაყობ, რომ ამდენი ინიციატივის მხარდაჭერა შევძელით ადგილობრივი ეკონომიკის და ქართველი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებითვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს გემების ვიზიტებისა და წვრთნების მნიშვნელობას, რომელიც რეგულარულად ტარდება ბათუმის პორტში და ეხმარება საქართველოს საზღვაო ძალებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.