საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის პრეზიდენტს, მასუდ გარახანის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
შალვა პაპუაშვილი მასუდ გარახანის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მადრიდის სამიტზე ნატომ სწორი სიგნალი გამოაგზავნოს საქართველოსკენ და ალიანსში გაწევრიანების რეალური გზა შესთავაზოს. მისივე შეფასებით, საქართველოს ეს მხარდაჭერა ნორვეგიის მხრიდან აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელსაც ნორვეგიის სამეფო ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას უწევს.
მასუდ გარახანიმ აღნიშნა, რომ ნორვეგიის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.