ავტორი ბიძინა დვალი
კონდოლიზა რაისი 2008 წლის ომთან დაკავშირებით:
„ჩვენ ვეუბნებოდით სააკაშვილს, რომ რუსეთი ცდილობდა მის პროვოცირებას. ჩვენ ვაფრთხილებდით მას, არ აჰყოლოდა ამ პროვოკაციას, მაგრამ რუსებმა ეს შეძლეს და ომი დაიწყო. ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში ვვარდებით. შეერთებული შტატები არ იქნებოდა მზად ეომა საქართველოს გამო რუსეთთან.“
ჯო ბაიდენი უკრაინის ომზე (სამიოდ დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია):
„ბევრს ეგონა, რომ ვაზვიადებდი, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ვსაუბრობდი. პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა.“
*
სათაურში გამოტანილ სიტყვებში 2008 და 2022 წლებში განვითარებულ მოვლენებს შორის სრული შინაარსობრივი თანხვედრა არ მიგულისხმია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც იოლად ჩანს. ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ის კავშირი, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში განვითარებულ მოვლენებსა და უახლესი ისტორიის ხსენებულ ორ ფაქტს შორის არსებობს
იმ ისტორიის განმეორებას ვგულისხმობ, კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოცდის, ყველაზე დიდი არჩევანის დღეს, მრავლისშემძლე მმართველმა რომ პასუხისმგებლობისგან „ხელები დაიბანა“.
კონდოლიზა რაისისა და ჯო ბაიდენის „აღსარებებში“ ყველაფერი, კომენტარის გარეშეც, მძიმედ და მრავლისმეტყველად გამოიყურება, მაგრამ... ჩემო მკითხველო, მეც ხომ მაქვს უფლება, მქონდეს ჩემეული „აღქმები“?
ჰოდა, იმას მოგახსენებდით,.. რა ვქნა და, სააკაშვილსაც და ზელენსკისაც, დიდი პროექტის - „მსოფლიოს ახალი გადანაწილება“ - უმცირეს ჭანჭიკებად „აღვიქვამ“. საქართველოშიც და დარწმუნებული ვარ, უკრაინაშიც, ყველა ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ეჭვი არავის ეპარება, რომ იმხელა პასუხისმგებლობის ამღები თავის თავზე, რომ ათასჯერ აღმატებულ მონსტრთან ომში ჩაბმულიყო, არც ერთი იყო და არც მეორე. ამგვარ მოცემულობაში თავისთავად შეგიპყრობს სხვა ეჭვი, რომ მთლად ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე, აქ კიდევ რაღაც უნდა იმალებოდეს.
ბატონი ბაიდენის განცხადებით დავიწყებ...
მერე? მერე, ბატონო პრეზიდენტო, რომ აფრთხილებდით, მერე რა,.. რა ურჩიეთ? რა გავიგოთ, როცა სტრიქონებს შორისაც არ იკითხება, თუ როგორი იყო თქვენი მამაშვილური დარიგება, რა იყო თქვენი შეთავაზება? თქვენი განცხადებიდან მხოლოდ ერთადერთი დასკვნაა ღია და აშკარა, რომ პასუხისმგებლობის მთელ ტვირთს შავ დღეში მყოფ ზელენსკის ჰკიდებთ... რატომ, რისთვის?.. შეჭრაზე საპასუხო რეაქცია არ უნდა ჰქონოდა და ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის დამოუკიდებლობა პირდაპირ უნდა ეღიარებინა, თუ?.. თუ?.. თუ?.. როგორც ქუთაისის პატრულის თანამშრომელი იტყოდა - „ვერ გევიგეთ?!.“
ხუმრობა იქით იყოს და... მსოფლიოში სამართლიანობის დაცვაზე ლიდერობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტო, ბატონო ბაიდენ, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, ვშიშობ, აუცილებლად მოგიწევთ, რასაკვირველია, პასუხისმგებლობის გარეშე, თქვენ ზევითა ხართ და უკრაინელი ხალხი ქვევით, მაგრამ მაინც მოგიწევთ, უფლის წინაშე მოგიწევთ, რადგან ამ პასუხებს ათასობით უკრაინელის დაღვრილი სისხლი მოითხოვს. ღმერთმა შეგაძლებინოთ თავის მართლება თქვენც და „ურჩ“ ბატონ ზელენსკისაც.
ქალბატონო რაის, თქვენთან საუბარსაც იმ ცნობილი „ჭეშმარიტების“ აღიარებით დავიწყებ, რომლითაც პრეზიდენტ ბაიდენს დავემშვიდობე - რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს და მის ცალკეულ წარმომადგენლებს პასუხს ვერავინ მოსთხოვს ვერანაირ დანაშაულზე, ვერანაირ შეცდომაზე, ვერანაირ ტყუილზე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს დანაშაული, შეცდომა ან ტყუილი არ არსებობს?
სააკაშვილის „პროვოკაციაზე წამოგება“ გაუწონასწორებელი კაცის ერთჯერადი ემოციური რეაქცია რომ ყოფილიყო, კიდევ დაიჯერებდა კაცი თქვენს წუხილს მომხდარის გამო, მაგრამ იმ ნაბიჯებს რა ვუყოთ, რომლებსაც თქვენი ვარსკვლავბიჭუნა (წაიკითხეთ - „თქვენი ნაძირალა“), ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გეგმაზომიერად დგამდა იმ ე.წ. პროვოკაციის შესამზადებლად? (მაგალითისთვის, მხოლოდ ორს შეგახსენებთ: ცხინვალის რეგიონისთვის ძველი საბჭოური სტატუსის აღდგენა და იქ პარალელური „საპრეზიდენტო“ არჩევნების ჩატარება და დალის ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის“ დარქმევა). ან იმას რა ვუყოთ, ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციით მომხდარზე ბრალი ქართველ ჯარისკაცებს რომ აჰკიდა და ბოლომდე „გააპრავა“ რუსული აგრესია? ამ მძიმე სამხილების მიუხედავად, მაინც ერთჯერადი თვითნებობის „ჩვენებას მიაწვებით“?
ბავშვისთვისაც აშკარა იყო, რომ მზადდებოდა საქართველოს მიწების „საზეიმო გადაცემა“ (ერთდღიან ომს სხვას ვერაფერს უწოდებ) „ბოროტების იმპერიისთვის“. და რა გააკეთეთ თქვენ, ჩვენს მიერ არჩეულმა „უფროსმა ძმამ“ იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო? ტრაგედია ისაა, რომ ტრაგედიის აღსაკვეთად არათუ თითი თითზე არ დაგიკარებიათ, არამედ ყველანაირად ხელს უწყობდით „დემოკრატიის შუქურას“ (რა ცინიზმია) საქმე ასეთ ფინალამდე მიეყვანა. ეს რომ ასე მოხდებოდა, ამას არც რაიმე ღრმა გათვლები სჭირდებოდა და არც მრავალუცნობიანი განტოლებების ამოხსნა. ყველაფერი ხელის გულზე იდო.
შედეგად ის მივიღეთ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სააკაშვილს, ყველა თავისი ტვირთით, თავისი სისხლში გასვრილი ხელებით, რუსულ-ამერიკულ პროექტს უწოდებს. აღნიშნულს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის რუსეთისთვის გადაცემაზე თუ დავაკონკრეტებთ, შეფასებას ასეთი შინაარსი ექნება - სააკაშვილმა შეასრულა რუსული დაკვეთა ამერიკელების დასტურით. სხვა სიტყვებით - რუსებმა და ამერიკელებმა საქართველოში გავლენები გაინაწილეს.
ვინმე შემთხვევითმა მკითხველმა რომ არ მისაყედუროს, რაღა დროის ამ პენსიაში გასული ქალის მემუარების ფრიალიაო, განვმარტავ: ა) ჩემს მკითხველს კარგად ესმის, რომ ქალბატონი რაისის სახით აშშ-ის ადმინისტრაციას მივმართავ - მაშინდელსაც, იმის წინანდელსაც და დღევანდელსაც. ბ) 2008 წლის დანაშაულს ვადა არ გასდის და არც მაშინ გაუვა, როცა ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ; გ) ტრაგედია არ დასრულებულა, დღესაც გრძელდება, დღესაც ცხელ ფაზაშია; დ) კვლავაც იმ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ მოხდეს ახალი ომის პროვოცირება ე.წ. „მეორე ფრონტის“ სახით;
კიდევ ერთი, არცთუ ირიბი დასტური იმისა, რომ სააკაშვილი თქვენ სრულ მხარდაჭერას განიცდიდა ყველა ეტაპზე, ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს, მისდამი შემდგომი დამოკიდებულებებიდან ჩანს. გარდა იმისა, რომ ცხრა წლის განმავლობაში აიძულებდით მთელ საქართველოს, ეს შეურაცხყოფა აეტანა, ათასი სისტემური დანაშაულის პირდაპირი ან პოტენციური მსხვერპლი ყოფილიყო, „ურჩობაში მხილების“ შემდეგაც დიდი ღვაწლი გაიღეთ დღევანდელ დღემდე მის უვნებლად მოყვანაში, რათა ახალი გადატრიალება მოეწყო და... საიდანაც დავიწყეთ, ისევ იქ მივედით... თქვენი და მისი უკრაინელი „თანამოაზრეების“ ოცნებას, „მიშა რომ ყოფილიყო მეორე ფრონტს ხომ გახსნიდაო“, წინ რაღა დაუდგებოდა?
კაცობრიობის ისტორიის ბოლო ორ ათასწლეულში სიტყვა „პილატე“, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებადი სიტყვა უნდა იყოს. ჩვენი სამყარო „ხელების დაბანის“ მილიონობით ამბავს ინახავს.
დასამშვიდებლად მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, ქალბატონო რაის და ბატონო ბაიდენ.
ბიძინა დვალი
13.06.2022 წ.