logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, პოლონეთისთვის 35.4 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმა არ დაამტკიცოს, ვიდრე ევროკავშირის კანონებთან და ღირებულებებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება
- +

14 ივნისი. 2022. 14:17

 

 

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ევროკომისიის მიერ აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის ფარგლებში (RRF) პოლონეთისთვის 35.4 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმის დამტკიცების გამო.

 

ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მიუთითებენ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებული ღირებულებების არსებულ და მუდმივ დარღვევაზე, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და წუხილს გამოთქვამენ, რომ პოლონეთის მთავრობის ქმედებების გამო, დაფინანსება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი პოლონელი ხალხისთვის.

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი ამბობს: კავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ღირებულებებზე, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ეს ღირებულებები საერთოა წევრი სახელმწიფოებისთვის საზოგადოებაში, რომელშიც ჭარბობს პლურალიზმი, არადისკრიმინაცია, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის.

 

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა (ECJ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებები, ისევე როგორც ევროკავშირის სამართლის პრიმატი, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ვაჭრობის საგანი. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობა ფონდზე წვდომის წინაპირობაა და რომ ამ შემთხვევაში კანონის უზენაესობის პირობითობის მექანიზმი სრულად გამოიყენება.

 

ევროპარლამენტარები მტკიცედ მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, პოლონეთისთვის გეგმა მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცოს, რაც იგი სრულად შეასრულებს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის რეგულაციის დებულებებს ინტერესთა კონფლიქტისა და თაღლითობის შესახებ და სპეციფიკურ რეკომენდაციებს კანონის უზენაესობის სფეროში. პოლონეთმა ასევე უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსა (ECJ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება, სანამ მისი გეგმა დამტკიცდება. ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებული საკვანძო ნაბიჯები უნდა შესრულდეს გადახდის პირველი მოთხოვნის წარდგენამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner