„დანიაში ვიზიტი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამ შემთხვევაში, დანიის მხარდამჭერი პოზიცია მომავალ დღეებში, როდესაც ევროკავშირის საბჭო განიხილავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებში იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილი თქმით, გამართულ შეხვედრებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება, გარდა ამისა, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებასაც შეეხება.
„ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი მომენტი დგას და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული დედაქალაქის პოზიციას, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი და გზავნილი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ევროკავშირის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებას საქართველოსთვის.
დანია, ზოგადად, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყანაა, თუმცა, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათი პოზიციები ხშირად თავშეკავებულია. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია დანიის არ არსებობს, თუმცა, ვიცით, რომ მომდევნო დღეებში ეს პოზიციები უფრო უნდა ჩამოყალიბდეს და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აშკარად დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ევროკავშირის საბჭოში განხილვებისას. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახლა, სწორედ ამ მომენტში, მათთან კომუნიკაცია“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება.
საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.