ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ფეხბურთის მოედანს. სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.
„ზღვისუბანში რეკრეაციულ პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო გასართობი ზონა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. ზღვისუბნის მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
პროექტის ღირებულება 589 096 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.