საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.
„დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.