პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარების საკვებით უზრუნველყოფის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდებისთვის მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო პროექტში ჩართული ფონდები დააჯილდოვა. ფონდ „თანსიკეთეს“ მონაწილეობით, 3 თვის განმავლობაში, ბენეფიციარების ოჯახები ყოველთვიურად, საკვები პროდუქტებით მომარაგდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფონდმა „ფემინამ“ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულისთვის მედიკამენტები შეიძინა. განრიდებული სტუდენტისთვის სწავლის გადასახადის თანადაფინანსება უზრუნველყო. დაიგეგმა ციფრული უნარების განვითარებაზე მიმართული ტრენინგები, რომელშიც შიდა ქართლში მცხოვრები მსჯავრდებული ჩაერთვება.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევებს და მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფს.
„ხანძთელის ფონდი“ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ქველმოქმედების განხორციელების პროცესში ეხმარება და გარდა საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ბენეფიციარების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მიმართულებაზე, პროფესიული განათლების მიწოდებასა და დასაქმებაზეც ზრუნავს.
საქველმოქმედო პროექტის განხორციელება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლიდან დაიწყო. სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ დღეს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.