ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აფხაზეთში ომის დაწყებიდან 24 წლის შემდეგ ძველ მოგონებებს იხსენებს.
„სადღაც მაქვს კადრები, მაგრამ არ დავდებ... მერე იყოს!
24 წლის წინ ომი დაიწყო...
აფხაზეთში პირველივე დღეს ჯართან ერთად წავედი კამერით ხელში. ჯერ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ ის, რომ მაშინდელი მთავარსარდალი იქადნებოდა - ახლა ნახავთ, რაც მოუვა არძინბასო... ბოლოს ვის რა მოუვიდა, კი ვნახეთ, სამწუხაროდ. ამ დღეს უკვე სოხუმში ვიყავით და იქაურ ტელევიზიაშიც მოვხვდით მე, გიორგი შარაძე, კოკა ყანდიაშვილი",- წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.
„მე და კოკა ყანდიაშვილი გამოვედით აფხაზეთის ტელევიზიით და გამოვაცხადეთ-„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის თავზე ფრიალებს საქართველოს დროშა!"
მერე იყო ბევრი მოგება და ბევრი წაგება... ბევრი ძვირფასი ადამიანის დაკარგვა და ბევრი ცოცხლად დარჩენილის მოკლული გულები... არ მინდა ბევრის დაწერა, მერე იყოს, სხვა დროს...
ჩემი პატარა ძმა 18 წლის გიორგია ჩემთვის აფხაზეთის ომი! გიორგი შარაძეა, ირაკლი ამირეჯიბია, საშკა იოსელიანია, ლევან აბაშიძე... დაღუპული და ცოცხლად დარჩენილი, მაგრამ გამწარებული გმირებია ჩემთვის ეს ომი... ეს უსამართლო, წაგებული, მაგრამ მაინც ღირსებით სავსე ომი....
მძულს ომი ყველანაირი! მაგრამ მიყვარს ისინი, ვინც საკუთარი ერთადერთი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის დასადებად გაიმეტა!
თქვენ ყველანი გმირები ხართ - მერე რა, რომ წაგებული ომების. წაგებასაც ღირსეულად გადატანა სჭირდება და ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გაიარა ეს საშინელი გზაც!
მახსოვხართ, მიყვარხართ! შეხვედრამდე გამარჯვების ომში!"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.