logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა
- +

16 ივნისი. 2022. 10:45

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) მე-15 ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. დეპუტატმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და  საქართველოში შშმ პირების უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი ქვეყანა - საქართველო პატარა, ამაყი და თავისუფალი ქვეყანაა, რომლის 20 % ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სანამ მთელი მსოფლიო განაგრძნობს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო გლობალური კრიზისის წინაშე ყოფნას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო დაუცველი გახდა. სამწუხაროდ, ადამიანები, მათ შორის იქ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან ადამიანის უფლებების უკიდურეს გაუარესებას.  მათი დარღვეული უფლებების სია საკმაოდ ვრცელია. ამ მაღალი ტრიბუნიდან მინდა მივესალმო მათ, რადგან ვიცი, რომ გვისმენენ და ვუთხრა, რომ ჩვენ გვადარდებს და გვტკივა მათი ბედი და უფლებრივი მდგომარეობა.

 

დანარჩენი საქართველოსთვის, ბოლო 2 წელი შშმ პირთა უფლებებისთვის ცვლილებების ორი წელი იყო - ჩვენ დავასრულეთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია CRPD-ის ღირებულებებთან და პრინციპებთან და მოვახდინეთ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც ჩემთვის ორმაგად ამაღელვებელი იყო, რადგან ამ დოკუმენტის რატიფიცირებას ვლობირებდი მაშინ, როცა ვიყავი შშმ პირთა აქტივისტი. ჩვენ დავამტკიცეთ მისაწვდომობის ახალი ეროვნული სტანდარტები, 4 წელიწადში 100 %-ით გავზარდეთ რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისები და პრემიერ-მინისტრთან შევქმენით CRPD-ის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომიტეტი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ხელისუფლების დღევანდელ პრიორიტეტს სოციალურ მოდელზე  გადასვლა და მართლმსაჯულებაზე, შშმ ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე და პარაოლიმპიურ მოძრაობაზე მისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

 

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ სწრაფად და ინკლუზიურად, ვინაიდან გაჭიანურებული გადაწყვეტილებები შშმ პირებისთვის ნიშნავს დაკარგულ თაობას, რისი უფლებაც არც სხვას და არც საკუთარ თავს ჩვენ არასდროს არ უნდა მივცეთ.

 

ჩემი სიტყვა მინდა დავასრულო უკრაინაში მცხოვრები შშმ პირების მიმართ სოლიდარობით, ვინც წელს ომის სისასტიკეს პირისპირ შეხვდნენ. ასევე, ამ ომის შედეგად ბევრი უკრაინელი გახდა შშმ პირი და მათთვის, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner