„ჩვენი კოლეგები, მათ შორის, ფინეთში, ძალიან კარგად იაზრებენ იმას, რომ ის, რაც დაიცავს საქართველოს, საბოლოო ჯამში, დაიცავს ევროკავშირს და ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, სკანდინავიის ქვეყნებში, მაღალი დონის შეხვედრებზე განხილვის თემას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გატარებული რეფორმები წარმოადგენდა.
„მათთვის ძალიან ბევრი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მათ შორის, იმ დემოკრატიული და სექტორალური რეფორმების გატარების კუთხით, რომელიც საქართველომ შეასრულა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ფინეთთან ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ფინეთი ისევე როგორც საქართველო არის ნატოში ინტეგრაციის მოლოდინში და ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ამ ქვეყანასთან. ვფიქრობ, შვედეთში ვიზიტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დანარჩენ სამ ქვეყანაში და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულები საქართველოს მოსახლეობის და მთავრობის ნებით, რომ იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურების განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებში იმყოფება. დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.