logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

16 ივნისი. 2022. 13:56

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

 

ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

 

მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner